logo_geo
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზურაბ წერეთელს 90 წლის იუბილეს ულოცავს
- +

4 იანვარი. 2024. 14:09

 

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 90 წლის იუბილეს ულოცავს მსოფლიოში ცნობილ ხელოვანს, მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატს, ზურაბ წერეთელს.

 

ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე, იოსებ შარლემანი და ვასილ შუხაევი. სტუდენტობის პერიოდში ის ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და სხვადასხვა გამოფენის ხშირი სტუმარი იყო. მას თავიდანვე იზიდავდა მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება: პანო, მოზაიკა, ვიტრაჟი და სკულპტურა. 1959-1966 წლებში, ზურაბ წერეთელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მხატვარ-არქიტექტორად მუშაობდა და ხშირად მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1965 წლიდან ის საქართველოს მხატვართა კავშირის ფონდის მთავარი მხატვარი გახდა, ხოლო 1981 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1983 წლიდან ზურაბ წერეთელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის გამგე იყო, 1987 წლიდან კი საქართველოში მის მიერვე დაარსებული დიზაინერთა შემოქმედებით კავშირს ხელმძღვანელობდა.

 

1989 წელს ზურაბ წერეთელი საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში გადავიდა და 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიას ჩაუდგა სათავეში. ამავე წელს ნიუ-იორკის შტატის ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ხდება. 1999 წლიდან - მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელი და მისი დირექტორი, 2000 წლიდან - ხელოვნების გალერეის დირექტორია.

 

მრავალფეროვანია მხატვრის ინტერესების სფერო - დაზგური და მონუმენტური ხელოვნების ყველა ჟანრი. ის ავტორია 5000-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული თუ სკულპტურული ნამუშევრისა. მუშაობს, ძირითადად, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების განხრით (ფრესკა, მოზაიკა, პანო). მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები დაიდგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (რუსეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი, ურუგვაი, იტალია, ისრაელი, საქართველო). მხატვრის ცნობილ ნამუშევართა შორისაა: „ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს“ (აშშ, 1979), „ადამიანი და მზე“ (თბილისი, 1981), „უნდობლობის კედლის დანგრევა“ (ინგლისი, 1989), „ბოროტსა სძლია კეთილმან“ (აშშ, 1990), წმ. ნინოს ძეგლი (თბილისი, 1984-1994), ონორე დე ბალზაკის ქანდაკება (საფრანგეთი, 2004), წმ. გიორგის ძეგლი (თბილისი, 2007), პრომეთე (აშშ, 1979), მას ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში. აღსანიშნავია მისი მოზაიკური ნამუშევრები ბიჭვინთასა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

 

ზურაბ წერეთელი არის საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი, 2002 წლიდან - თბილისის საპატიო მოქალაქე. 2012 წლიდან თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA), რომელიც არაერთი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანის გამოფენების მასპინძელია.

 

თავისი ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. მიღებული აქვს საფრანგეთის - „ვერმეილის“, გაბრიელა მისტრალის, ხელოვნებისა და ლიტერატურის, იუნესკოს ოქროს ორდენი, პაბლო პიკასოს დიდი პრემია; არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის, რსფსრ-ის სახელმწიფო პრემიის, ლენინური პრემიის, სსრკ-ის პრემიისა და სხვა მრავალი პრემიის მფლობელი. იუნესკოს კეთილი ნების ელჩი (1996) ზურაბ წერეთელი ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრია, ასევე გახლავთ საბავშვო ფონდის „სასწაულების ბაღის“ პრეზიდენტი (1988), მოსკოვის საერთაშორისო „იუნესკოს დახმარების ფონდის“ დამფუძნებელი; ხელოვანი არის ღირსების ორდენისა და ხალხთა მეგობრობის ორდენის მფლობელი.

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მადლიერებას გამოთქვამს ზურაბ წერეთლის მიმართ - 2021 წელს, მისი უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით, 2003 წელს რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოდან დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნამუშევრების - ბორის ფოგელი - „თელავი“ (1936 წელი); ევგენი ლანსერე - „ხევსურეთი“ (1926 წელი); ბორის ფოგელი - „სასულიერო სემინარია“ (1934 წელი); გრიგორი გაგარინი - „ქართველი ქალები“ (1854 წელი); ლევ ლაგორიო - „ანასტასია ორბელიან-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წელი), კარლ ჟუკოვსკი - „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წელი) - საქართველოში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, დაბრუნების გამო. ეს ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საიუბილეო თარიღს ულოცავს ხელოვანს, დღეგრძელობასა და კვლავაც მრავალ შემოქმედებით წარმატებას უსურვებს.

 

 

big_banner
არქივი