logo_geo
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებული კვლევის, „ქართული თეატრი 2022-2023 წლებში“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
- +

9 იანვარი. 2024. 10:43

 

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, კვლევის ავტორები, თეატრმცოდნეები, კვლევის მონაწილე თეატრების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევრებმა, თეატრმცოდნეებმა ლაშა ჩხარტიშვილმა, ნუცა კობაიძემ, თამთა ქაჯაიამ და ანასტასტია ჩერნეცოვამ მოამზადეს ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის ანგარიში, რომელიც მოიცავს ბოლო ორი წლის 41 სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო თეატრთა მონაცემებს, ოცამდე პუნქტის მიხედვით.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავად არის დამკვეთი და მხარდამჭერი ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევისა, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს.

 

კვლევაში წარმოდგენილია საქართველოს თეატრების რეიტინგები წლის განმავლობაში დადგმული პრემიერების, წარმოდგენილი სპექტაკლების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლების, დარბაზის დატვირთულობის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გასტროლების მიხედვით. კვლევა ავლენს თითოეული თეატრის წამყვან სპექტაკლს, საპრემიერო დადგმების დაფინანსების წყაროებსა და წლის ყველაზე პროდუქტიულ რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს, კომპოზიტორებსა და ქორეოგრაფებს.

 

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში მოქმედი 48 (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) თეატრიდან, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 41-მა თეატრმა; მათ შორის 37 სახელმწიფო და 4 კერძო თეატრია. კვლევაში მონაწილეობა არ მიიღო 7 თეატრმა, მათგან 2 მუნიციპალური და 5 კერძო თეატრია. 2022 წელს საქართველოში მოქმედი 47 (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) თეატრიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-მა თეატრმა; მათ შორის 36 სახელმწიფო და 4 კერძო თეატრია. კვლევაში მონაწილეობა არ მიიღო 7 თეატრმა, მათგან 1 სახელმწიფო, 2 მუნიციპალური და 4 კერძო თეატრია.

 

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია წარმოდგენების რაოდენობა წლის განმავლობაში, ასევე გაყიდული ბილეთებისა და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა.

 

მომატებულია ახალი სპექტაკლების სტატისტიკაც - 2023 წელს საქართველოს 41 თეატრში დაიდგა 175 ახალი სპექტაკლი. 2022 წელს კი საქართველოს 40 თეატრში დაიდგა 156 ახალი სპექტაკლი.

 

2023 წელს საქართველოს 41 თეატრში იმუშავა 85-მა მხატვარმა (სცენოგრაფმა), მათგან 45 ქალბატონია, ხოლო 40 მამაკაცი. 116-მა რეჟისორმა (მათგან 27 ქალბატონია, 89 - მამაკაცი) დადგა 175 სპექტაკლი, ხოლო ამდენივე სპექტაკლზე იმუშავა 44-მა ქორეოგრაფმა (მათ შორის 20 ქალია, 24 - მამაკაცი) და 19-მა კომპოზიტორმა (4 ქალბატონია, 15 - მამაკაცი). 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს 41 თეატრის 175 სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო 902-მა მსახიობმა, მათგან 493 მამაკაცია, ხოლო 409 - ქალი.

 

2022 წლის მონაცემებით - საქართველოს 40 თეატრში იმუშავა 74-მა მხატვარმა; 104-მა რეჟისორმა დადგა 156 სპექტაკლი, ხოლო ამდენივე სპექტაკლზე იმუშავა 35-მა ქორეოგრაფმა. 2022 წლის მონაცემებით - საქართველოს 40 თეატრის 156 სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო 763-მა მსახიობმა, მათგან 410 მამაკაცია, ხოლო 353 - ქალი.

 

საგულისხმოა, რომ კვლევის მიზანია აქტიური და ეფექტურად მომუშავე თეატრების წარმოჩენა, რაც ქართული თეატრის განვითარებას, სფეროში არსებული პრობლემების დადგენასა და მათ აღმოფხვრას, აგრეთვე - თეატრების მუშაობის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში თვალნათლივ წარმოდგენას ემსახურება.

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მადლობას უხდის მონაწილე თეატრებს კვლევაში მონაწილეობისთვის.

 

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

 

big_banner
არქივი