logo_geo
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ზაზა მარჯანიშვილის საიუბილეო გალაკონცერტი გაიმართა
- +

25 იანვარი. 2024. 15:14

 

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა ზაზა მარჯანიშვილის საიუბილეო გალაკონცერტი - „ორშაბათის ღამის სიზმარი“, რომელიც მიეძღვნა კომპოზიტორის იუბილეს. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მსახიობები: ავთო მახარაძე, მურმან ჯინორია, ნანა შონია, ზუკა პაპუაშვილი, მოცეკვავე ნინო მახათაძე და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე; ასევე: ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი კახი სოლომნიშვილი), სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი; მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები: პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ირაკლი მენთეშაშვილი, ჯორჯ მელი, ვანიანო, დათა და გიორგი ლოლაშვილები, დავით ჯაფარიძე, გიორგი ფხალაძე და სხვები. ღონისძიების მხატვარია ვერა ყიფიანი, პროდიუსერები - ნატო ბოჭორიშვილი, თამარ გვასალია, ღონისძიების დამდგმელი რეჟისორი და გენერალური პროდიუსერი - მარინა სალუქვაძე. წარმოდგენა იყო სიტყვის, მუსიკის, კინემატოგრაფის, ვიდეოარტისა და ქორეოგრაფიის სინთეზი.

 

ზაზა მარჯანიშვილი საქართველოსა და აშშ-ში მოღვაწე კომპოზიტორი და პროდიუსერია. მისი მუსიკა სრულდება საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში. 1997 წლიდან არის ამერიკის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 30-ზე მეტი მხატვრული ფილმის, სერიალების, ტრეილერების, შემეცნებით-დოკუმენტური ფილმების, სპექტაკლების, ბალეტისა და ორი ოპერის ავტორი, რომლებიც დღესაც იდგმება ევროპასა და აშშ-ში. როგორც პროდიუსერს, შექმნილი აქვს 150-ზე მეტი ალბომი განსხვავებული მუსიკალური სტილისტიკით (კლასიკა, ჯაზი, სამბა, ტანგო, რეგე, როკი, ალტერნატიული როკი, ირლანდიური, ამერიკული, ავღანური, ჩინური ფოლკლორი, მედიტაციური მუსიკა და სხვა). 1986 წლიდან დღემდე არის ნიუ-ორლეანის, ლას-ვეგასის, სან-ფრანცისკოს, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ვენის მუსიკალური ფესტივალების საპატიო სტუმარი.

 

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და კომპანია ZMG ART-ის ორგანიზებით.

 

big_banner
არქივი