logo_geo
ნიჭიერი შემოქმედი, რომელსაც რემბრანდტმა „ურჩია“, ხატვა დაეწყო
- +

19 მაისი. 2020. 10:42

 

 

„ავიღე და დავხატე“, – თქვა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დავით თელიამ, რომელმაც ხატვა ბავშვობაში დაიწყო, შემდეგ კარგა ხანს ფანქარი ხელში აღარ აუღია და სიზმრის გავლენით კვლავ მოლბერტს მოუბრუნდა:

 

 

 

– მამა საკმაოდ დიდი თანამდებობის პირი იყო, სულ საპასუხისმგებლო სამსახურები ჰქონდა, რევიზორ-ბუღალტერი გახლდათ. დედა დიასახლისი იყო და კერავდა. ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა ჩვენთან, ბავშვობიდან მახსოვს, მედეა ჩახავა, მაკა მახარაძე დადიოდნენ ჩვენთან, მაკა პატარა ბალერინებისთვისაც კი უკვეთავდა კაბებს.

 

ხატვა დავიწყე საკმაოდ პატარამ. რვეულებში კალმით, ფანქრით რაღაცებს ვხატავდი ხოლმე, მერე გუაშით დავიწყე. დედას მეგობარი იყო ერთი ქალბატონი, რომელმაც  ჩემი ნახატები ნახა და მოეწონა. თავისი ახლობელი მხატვარი მოიყვანა ჩვენთან და აჩვენა ჩემი ნახატები. მხატვარმა გაოცება ვერ დამალა. მითხრა, რომ ყველა ფიგურის ფორმა მქონდა იდეალურად მოხაზული, მაგრამ საღებავები არასწორად მქონდა გამოყენებული. მასთან დავიწყე მომზადება. მასწავლა ნატურიდან ხატვა, ბევრი ტექნიკური დეტალი. მახსოვს, „ნატურშიცები“ მოდიოდნენ, 8 საათის განმავლობაში 3 მანეთს ვუხდიდით ხოლმე, ისხდნენ და ვხატავდით.

 

 

მოგვიანებით უჩა ჯაფარიძესთანაც დავიწყე სიარული, მაგრამ იქიდანაც მალე წამოვედი. ასე ვთქვათ, ცოტა ხანს ვემზადებოდი ხატვაში, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში არ ჩამიბარებია.

 

პროფესიით იურისტი ვარ, ერთი პერიოდი ძალოვან სტრუქტურაშიც ვმუშაობდი და რაღაცნაირად შეიცვალა ჩემი ცხოვრების გზა. ხატვაზე აღარც მიფიქრია, მაგრამ ჩემი და სულ მეჩხუბებოდა, რა გინდა მილიციაში (1987 წელს დავიწყე მუშაობა), ხატვას მიხედეო.

 

 

შარშან პოლიციაში მუშაობა დავამთავრე, პენსიაში გავედი ჩემი ნებით, რადგან მივიჩნიე, რომ ამოვწურე ჩემი თავი. დავიწყე სხვა სამსახურის ძებნა, მაგრამ ცოტა გამიჭირდა და ვინაიდან ძირითადად შინ ვიყავი, გადავწყვიტე, ხატვა დამეწყო.

 

თან სასწაული მოხდა: მხატვრები ხშირად მესიზმრებოდნენ ხოლმე და ერთ ღამეს ვნახე სიზმარი: შევდივარ საბძელის მაგვარ შენობაში, რაღაც ძველი სტილის შენობა იყო. შიგნით ბნელოდა და გაფუჭებული სახურავიდან შემოდიოდა მზის სხივი, რომელიც  ანათებდა იმ ადგილს, სადაც ვიღაც კაცი იდგა და მოლბერტზე ხატავდა. მივუახლოვდი და ნახატს დავხედე, ძალიან მომეწონა და შევაქე – რა მაგარი ნახატია-მეთქი. რომ შემომხედა, რემბრანდტი ამოვიცანი მასში. მკითხა – შენ რატომ აღარ ხატავო?

 

ალბათ ამ სიზმრის გავლენა იყო, რომ გადავწყვიტე, ისევ მივბრუნებოდი ხატვას. დენიროს სურათი ავიღე და დავხატე. მივხვდი, რომ გამოვიდა. მერე ვიყიდე შესაბამისი ხელსაწყოები და სერიოზულად მივუდექი საქმეს. როცა მარტო ვრჩები შინ, მაშინ ვხატავ ან ღამით, როცა ყველას სძინავს.

 

დენიროს მერე გავაკეთე ერთი კომპოზიცია და დავხატე მაქმანიანი ტილო. როცა დავასრულე, ნახატიდან ისეთი ემოცია მოდიოდა, ისე მომეწონა, რომ მივხვდი, უკვე ვეღარ შევეშვებოდი ხატვას.

 

ბავშვობაში მიყვარდა ჰოლანდიური ნატურმორტების ხატვა. XVII-XVIII საუკუნეში ჰოლანდიელმა მხატვრებმა მოახდინეს გადატრიალება და დაიწყეს რეალისტური ნახატების შექმნა. ფოსტაში მივდიოდი ხოლმე და იმ მარკებს ვყიდულობდი, რომელზეც მათი ნახატები იყო დაბეჭდილი. სულ მიკვირდა ხოლმე, სურათს ასე როგორ ამსგავსებენ-მეთქი.

 

1972 წელს უკვე ამერიკელებმა დაიწყეს ჰიპერრეალიზმისა და ფოტორეალიზმის განვითარება და საოცარ ნახატებს ქმნიდნენ.

 

მე რასაც ვხატავ, მათთან შედარებით საშუალო დონეა. მინდა, დავიხვეწო და მივუახლოვდე მათ ტექნიკას.

 

ბევრი პროფესიონალი მხატვარი გადავიდა ჰიპერრეალიზმზე. არსებობს ასეთი წესი: ნახატები უნდა გქონდეს შექმნილი 1972 წლის შემდეგ, პირველი ნახატიდან 5 წლის განმავლობაში ერთი გამოფენა მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული და მერე გაღიარებენ ფოტორეალისტად.

 

ამ პროცესისთვის ვემზადები. ნახატებს ვაგროვებ, რომ გამოფენა გავაკეთო. მატერიალურ დაინტერესებაზე არც მიფიქრია, ახლა მთავარია, მივაღწიო ტექნიკის მაღალ დონეს.

 

პროფესიონალმა მხატვრებმა ჩემი ნახატები ნახეს და მათგან შენიშვნებიც მივიღე, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.

 

ნატურმორტებისთვის სპეციალურად ვიძიებ მასალას, ვაგებ კომპოზიციას და ვიწყებ ხატვას. მთავარია, კომპოზიციურად განალაგო სწორად და შტრიხები გქონდეს სწორი.

 

ძალიან მოსწონთ ჩემი ნახატები და ეს სტიმულს მაძლევს. იმედია, ქვეყანაში არსებული სიტუაცია მალე ისევ ჩადგება ჩვეულ რეჟიმში და რაც ჩაფიქრებული მაქვს, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი