logo_geo
თეა წულუკიანი რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

9 დეკემბერი. 2021. 14:26

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსთავს ეწვია და სამუშაო შეხვედრა გამართა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ხელმძღვანელობასა და დასთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ვიცე-მერი კახა გურული და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს რუსთავის თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებსა და თეატრის სამართლებრივ სტატუსზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსთავის ახალარჩეული მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივას, რომლის შედეგადაც, თეატრის მომავალი წლის ბიუჯეტი 300 000 ლარით გაიზარდა და დიდწილად ეს ზრდა შეეხო სახელფასო ფონდს. ვინაიდან რუსთავის თეატრის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა მისი შენობის მძიმე მდგომარეობაა, თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თუკი მუნიციპალიტეტი ჩაატარებს შენობის მდგრადობის ექსპერტიზას, კულტურის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, შენობის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხების მოძიებაში რუსთავის მერთან ერთად ჩაერთოს.

 

შეხვედრაზე ასევე მსჯელობა გაიმართა რუსთავში არსებული სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობაზე და კულტურის მინისტრი დადებითად გამოეხმაურა რუსთავის მერის ინიციატივას, რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების რეფორმაში სამინისტროს ჩართულობის შესახებ.

 

 

big_banner
არქივი