logo_geo
მუზეუმელთა ალიანსმა მეორე ყრილობაზე საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა
- +

13 სექტემბერი. 2023. 17:03

 

 

11 სექტემბერს საქართველოს მუზეუმელთა მეორე ასამბლეა გაიმართა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ.

 

ასამბლეაში საქართველოს 70-ზე მეტი მუზეუმის 500-ამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მეორე ასამბლეაზე საქართველოს ყველა რეგიონია წარმოდგენილი, როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.

 

ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად საუკეთესო მუზეუმელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც. 2023 წლის საუკეთესო მუზეუმელები არიან:

 

  • ავთანდილ ფაილოძე - ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმის ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გამგე.

 

არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მონოგრაფია, არის ორი ისტორიული ხასიათის რომანის ავტორი. ავთანდილ ფაილოძის მონაწილეობით, 1986 წელს ხონთან ახლოს, დრამატურგიის კლასიკოსის - პოლიკარპე კაკაბაძის - მემორიალური მუზეუმი მოეწყო. მას აგრეთვე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ალექსანდრე წულუკიძის სახლ-მუზეუმის შექმნაში, 1997 წელს კი მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმი შეიქმნა და ის დღემდე ამ მუზეუმის გამგედ მუშაობს. 2001 წელს ავთანდილ ფაილოძეს ღირსების ორდენი მიენიჭა.

 

  • ქემალ თურმანიძე - ბათუმში ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო“ დამფუძნებელი და დირექტორი.

 

ქემალ თურმანიძის ინიციატივით ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ 2016 წელს გაიხსნა. მუზეუმი დღეისათვის განთავსებულია 3 000 კვ. მ-ზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებითა და სავალი ბილიკებით. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის უკეთ წარმოჩენის მიზნით ბოლო პერიოდში 30 დარგისთვის შექმნა სამუშაო სივრცე. მუზეუმში განთავსებულია ხის მხატვრული დამუშავების გალერეა, სადაც წარმოდგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში დამზადებული 350-ამდე ნაკეთობა. ქემალ თურმანიძე არის ეთნოგრაფი და ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი. ის არის თედო სახოკიას პრემიის ლაურეატი, ქედის რაიონის საპატიო მოქალაქე და ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი.

 

  • მარიამ ინანაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიღნაღის მუზეუმის მმართველი.

 

2023 წელს შესრულდა 31 წელი, რაც ქალბატონი მარიამი სამუზეუმო სისტემაშია დასაქმებული. 2012 წლიდან დღემდე ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მენეჯერია. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი მუზეუმის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს შორის სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტითა და პატივისცემით. 2007 წლიდან დღემდე მარიამ ინანაშვილი 20-ზე მეტი გამოფენის მონაწილე, თანაორგანიზატორი ან ინიციატორია.

 

ასამბლეაზე შეკრებილებს საქართველოს კულტურის მინისტრმა მიმართა; თეა წულუკიანმა შეაჯამა სამუზეუმო წელი, ისაუბრა დარგში მიმდინარე პროცესებზე, ახალ პროექტებსა და გამოწვევებზე. შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ

 

ასამბლეის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს მუზეუმთა ალიანსის მიერ 2022 წელს განხორციელებული პროექტები, კერძოდ, საქართველოს ხელოვნების სასახლის რესტავრატორების მიერ სერგი მაკალათიას გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის რარიტეტული წიგნადი ფონდის რესტავრაციის პროცესი; მუზეუმებს შორის თანამშრომლობის შედეგად შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებმა კი რესტავრაცია ჩაუტარეს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში დაცულ უნიკალურ ქართულ კაბას.

 

ასამბლეაზე ასევე კულტურის სამინისტროს მიერ 2021-2023 წლებში საქართველოს ხელოვნების სასახლისათვის შეძენილი ექსპონატებისადმი მიძღვნილი ფერადი, ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია და შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის მცველის - ელენე კავლელიშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.

 

ტრადიციულად, დელეგატებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები სამუზეუმო სფეროს შესახებ, უფრო ვრცლად და კონკრეტულად, საგანგებოდ შედგენილ კითხვარშიც აესახათ. აღნიშნული კითხვარების შესწავლის შემდეგ ალიანსი მუზეუმებთან თანამშრომლობით ახალ პროექტებს განახორციელებს.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბრიდან, საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით, „მუზეუმელთა ალიანსის“ ბარათის ყველა მფლობელს შესაძლებლობა აქვს უფასოდ ესტუმროს კულტურის სამინისტროს სისტემის ყველა მუზეუმს.

 

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო - „საუკეთესო მუზეუმელი“ თეა წულუკიანმა 2022 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დააფუძნა. ინიციატივა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკა ახალბედაშვილს, სსიპ ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორ ნინო ჭიპაშვილს ეკუთვნით.

 

ლინკი: https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/pfbid0p1DKxGpP9FgAaKfCmNpgEv3MdwPKtk88AoPQQiouhu7dA9A2XeESKh8Pef9TQYaWl

 

 

 

big_banner
არქივი