logo_geo
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში გიორგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
- +

3 ნოემბერი. 2023. 13:45

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მსახიობ გიორგი (გოგი) გეგეჭკორისა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის დაბადებიდან მე-100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

 

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, თეატრალური და კინოხელოვნების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

 

წამყვანმა, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ, არტისტიზმითა და კოლორიტული აქცენტებით მაყურებელს შთამბეჭდავად უამბო ორი საყოველთაოდ აღიარებული შემოქმედის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკვანძო პერიპეტიები, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ შეუღლდნენ და როგორ განვლეს ხანგრძლივი ცხოვრება ერთმანეთის, ოჯახისა და პროფესიის სიყვარულში.

 

ღონისძიების მთავარი კონცეფცია ეფუძნება სამ უმთავრეს ღირებულებას - შრომას, პროფესიონალიზმსა და უპირობო სიყვარულს, რომლითაც განმსჭვალული იყო გოგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის თითოეული ნამოღვაწარი, იქნებოდა ეს სტატია, როლი, წიგნი, ფილმი თუ ტელეგადაცემა.

 

საღამოს, რომლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, საფუძვლად დაედო ის მდიდარი საარქივო მასალა, რომელიც არსებობს საქართველოს ეროვნულ, სატელევიზიო თუ რადიომაუწყებლობის არქივში; აგრეთვე ნათელა ურუშაძის სტატიები, წიგნები, კვლევები და მონოგრაფიები. საღამოზე გაცოცხლდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც შემოინახა ქართული თეატრისა და კინოს, ტელე- და რადიო- თუ საოჯახო არქივმა.

 

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობები.

 

საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს ვიდეოკოლაჟი, რომელიც ასახავდა გიორგი გეგეჭკორის კინოროლებსა და ნათელა ურუშაძის მიერ საქართველოს ტელევიზიისთვის შექმნილ თეატრალური პროგრამებისა და შეხვედრების ვიდეოკადრებს.

 

 

big_banner
არქივი