logo_geo
ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ მერიის სხდომაზე საზოგადოებას გააცნო ის სიახლეები, რომელიც მიმდინარე და ახალ პროექტებს უკავშირდება
- +

8 დეკემბერი. 2023. 11:20

 

 

„სრულდება ქ. ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში გენო ჩხაიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 1.250.000 ლარი შეადგინა; ასევე, დასრულების ეტაპზეა მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე. წ. ბაღის უბანში გზის მშენებლობა  რისთვისაც ჯამში 1.437.000 ლარი დაიხარჯა; წლის ბოლოს დასრულდება პროექტი, რომელსაც ცხემლისხიდის მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში ელოდა: მთავრდება უჩხუბი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში 2.599.000 ლარით დავაფინანსეთ; კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ფინალურ ეტაპზეა და მალე დასრულდება, გახლავთ მთისპირი-ბასილეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა - ეს პროექტი ჯამში 784.000 ლარით დავაფინანსეთ,“- განაცხადა მერმა.

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს დასრულდება შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკე-ზედუბნის საგზაო მონაკვეთიც, ვაკის უბანში კეთდება გზის სრული რეაბილიტაცია, ხოლო 8 სექტემბრის სტიქიური მოვლენების გამო, ზედუბნის ტერიტორიაზე გზის მშენებლობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ამ პროექტის სრული საგზაო მონაკვეთი 3 კმ-ზე მეტია და მისი დაფინანსება ჯამში 3.000.000 ლარს შეადგენს.

 

„დაგპირდით და უკვე დასრულებულია დაბა ლაითურში 3 კმ-ზე  მეტი  შიდა საუბნო გზის მშენებლობაც (მე-3, მე-9 და პირველი რაიონების დამაკავშირებელი გზა) - ჯამურმა დანახარჯებმა ამ გზის მშენებლობისთვის 2.379.000 ლარი შეადგინა; ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება ბახვი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ძირითადი ნაწილის დასრულებაც, რომელიც 3 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს და 2.500.000 მილიონი ლარით დაფინანსდება. სიახლე გვაქვს სოფლების ჯუმათის და მამათის დამაკავშირებელ გზაზე, მდ. შუაღელეზე არსებულ ხიდთან დაკავშირებითაც - მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო დაფინანსება 207 868 ლარი, უკვე მობილიზებული გვაქვს და სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს შესაძლებელ ვადებში დავიწყებთ,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

მერმა ყურადღება ასევე გაამახვილა წყალმომარაგების სამუშაოებზეც, სადაც არაერთი მიმართულებით ეფექტურად იმუშავა მუნიციპალურმა კომპანია „სატისმა“ და სოფლებსა თუ ქალაქში, არაერთ ლოკაციაზე განაახლა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა.

 

 

big_banner
არქივი