ავტორი სალომე უერთაშვილი
მომღერალი სოფო ხალვაში უკვე წლებია, ახალ წელს კონცერტზე ხვდება, არც 2017 წელია გამონაკლისი. „ქართულ აზრთან" საუბრისას მომღერალმა აღნიშნა, რომ საახალწლო სამზადისში აქტიურად მონაწილეობს.
- სად ხვდებით ახალ წელს?
- უკვე წლებია, კონცერტზე. ამჯერადაც ბათუმში, ღია ცის ქვეშ, კონცერტზე შევხვდები 2017 წელს.
- წინასაახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?
- რა თქმა უნდა, ვაწყობ ნაძვის ხეს და ვაცხობ საშობაო ღვეზელებს. ახალ წელს მარხვაა, ამიტომაც გემრიელი კერძები 31 დეკემბერს არ გვაქვს, თუმცა 7 იანვრისთვის ვამზადებ ყველაფერს.
- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
- 7 იანვარს, შობას, ჩვენი ოჯახის ყველა მეგობარი, ნათესავი და ახლობელი ჩვენთან იკრიბება.
- მეკვლის ტრადიცია თუ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- თითქოს არავის არ სჯერა, მაგრამ ტრადიციულად, ყოველ წელს შემოდის მეკვლე ტკბილეულობით. ჩვენთან ოჯახის წევრები ვართ ხოლმე მეკვლეები.
- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?
- ალბათ ბავშვობის ახალი წელი, რადგან ბავშვი სხვანაირად აღიქვამს ყველაფერს, სხვა მოლოდინი აქვს და უხარია. კიდევ, შარშანდელი ახალი წელი, რადგან ძალიან დიდი და ლამაზი თოვლი მოვიდა.
- რას უსურვებდით ქვეყანასა და მოქალაქეებს?
- პირველ რიგში, ჯანმრთელობას, ღვთის წყალობასა და ბედნიერებას. ბოლო პერიოდში ყველა იმდენადაა პრობლემებით დამძიმებული, რომ გარშემო სულ დაძაბული აურაა, ვისურვებდი, რომ ლაღი, ბედნიერი და გაღიმებული ხალხი მენახოს.