logo_geo
ემილიანო სალას ცხედრის ფოტოების გავრცელებაში ეჭვმიტანილები დააკავეს
- +

1 მაისი. 2019. 15:04

 

ემილიანო სალას ცხედრის ფოტოების გავრცელებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია, ფოტო თებერვალში, ტვიტერზე გამოქვეყნდა:

 

ინგლისის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებსაც იანვარში დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას ცხედრის ფოტოს გავრცელებაში ედებათ ბრალი. ფოტო, რომელიც ფეხბურთელის ცხედრის იდენტიფიცირების დროს იყო გადაღებული, თებერვალში სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გავრცელდა და მართალია, მალევე გაქრა, მაგრამ მისი ნახვა „ტვიტერის“ ძალიან ბევრმა მომხმარებელმა მოასწრო.

 

პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულია ორი პირი – ერთი 62 წლისაა, მეორე კი 48-ის.

 

28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ნანტიდან“ „კარდიფ სიტიში“, დაახლოებით 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ამ ბრიტანული კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

 

ფორვარდი 21 იანვარს ყოფილ კლუბს დაემშვიდობა და კერძო თვითმფრინავით კარდიფში გაემგზავრა, მაგრამ ადგილზე ჩასვლამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. მოგვიანებით, საძიებო ჯგუფმა ლა მანშის ფსკერზე თვითმფრინავს და სალას ცხედარს მიაგნო.

 

ემილიანო სალას დაკრძალვის შემდეგ, ფეხბურთელის ნათესავები ეჭვს გამოთქვამენ, მათი აზრით, შესაძლოა, ეს უბედური შემთხვევა არ იყო:

 

„კარდიფის“ ფეხბურთელი ემილიანო სალა მშობლიურ პროგრესოში (არგენტინა) დაკრძალეს. 28 წლის თავდამსხმელი, რომლის თვითმფრინავი 21 იანვარს ჩამოვარდა, უკანასკნელ გზაზე ასობით ადამიანმა და მისმა ერთგულმა ძაღლმა გააცილა. ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც სალას შავი ლაბრადორი „ნალა“ ჩანს. ძაღლი საფეხბურთო კლუბ „სან მარტინის“ დარბაზის შესასვლელთან ზის – სალას ცხედარი სწორედ იქ იყო დასვენებული.

 

 

ორი კვირით ადრე, სანამ ემილიანოს ცხედარს აღმოაჩენდნენ, სალას დამ, რომანიამ ფეისბუქზე „ნალას“ სხვა ფოტო გამოაქვეყნა – წარწერით: „ნალა გელოდება“.

 

 

დაკრძალვის შემდეგ, ემილიანოს ბიძაშვილმა მარტინ გატიმ პრესასთან კომენტარი გააკეთა. მან ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უბედური შემთხვევის არ სჯერა.

 

„მე ვფიქრობ, რომ ემილიანო მოკლეს. ძალიან ბევრი ინტერესი გადაიკვეთა, მის ტრანსფერში საქმე დიდ ფულს ეხებოდა. როცა დიდ ფულზეა ლაპარაკი, ვიღაცები ჩნდებიან და მათ ადამიანის სიცოცხლე არ ადარდებთ“, -  ამბობს გატი.

 

მისი თქმით, სალას ოჯახსაც სწორედ ასეთი ეჭვი აქვს: „ემილიანო აგენტის გარეშე, საშინელ ამინდში ჩასვეს სასაცილო თვითმფრინავში და ასე გაუშვეს უელსში. ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ეჭვი გამიჩნდეს. თანაც, დაკრძალვაზე მისი არცერთი წარმომადგენელი არ მოსულა“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი