გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა, პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა უპასუხა.
- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც ირგვლივ ყველა კარგად არის. ასეთ დროს ბედნიერების შეგრძნება თითქოს ხელშესახებიც კი ხდება.
- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან ხშირად ვიცინი. გულიანად გუშინ ვიცინე.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- არ მახსოვს... ახლო წარსულში არ მიტირია.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მიყვარს ცხოვრება და ცხოვრების ყველა შემადგენელი ნაწილი. მათ შორის, პრობლემებიც, გამოწვევებიც, შეცდომებიც, ტკივილებიც.
- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ემოციური ვარ. ალბათ, ამას ნაკლად არც მივიჩნევდი, რომ არა ჩემი ცხოვრების წესი და, ზოგადად, ჩვენი საუკუნე, რომელიც იშვიათად გვაძლევს უფლებას, ვიყოთ ემოციურები.
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთთავს?
- ბრძოლისუნარიანობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჟანა დ`არკთან.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირი, უპირველეს ყოვლისა, მამაჩემია. მისი სახით ყოველდღე თვალს ვადევნებ რეალურ ამბავს ადამიანზე, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში და, რაც მთავარია, შეინარჩუნა ადამიანური ღირსება.
- თქვენი მხატვრული გმირები?
- გრაფი მონტე კრისტო
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, როდესაც პირველად გავემგზავრე შეერთებულ შტატებში. მეგონა, საერთოდ სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. იქ ოცნებები თითქოს უფრო მასშტაბურია, ხოლო რეალობა - უფრო მძაფრი. და ამ ყველაფერს მთელი ძალით შეიგრძნობ.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ის, რომ შემიძლია, დავეყრდნო... საიმედოობა.
- ქალში?
- ქალში, ალბათ, დიპლომატია.
- საყვარელი მწერლები?
- თეოდორ დოსტოევსკი.
- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრიდერიკ შოპენი.
- ფილმი?
- შეხარ კაპურის „ელისაბედი".
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი სამი შვილია.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ადამიანური ურთიერთობები. ჩვენმა დრომ და ეპოქამ ეს ძალიან იშვიათ და, შესაბამისად, უფრო ძვირფას მონაპოვრად აქცია.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არა... ვფიქრობ, ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ მოვლენები ასე განვითარებულიყო და დღეს ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. „რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს".
- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ჩემთვის სამშობლო არის თავდადების საგანი.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის. არ ვგულისხმობ მხოლოდ სიკვდილს. არ მინდა, ჩემი შეცდომებიდან გამომდინარე დავკარგო საყვარელი ადამიანები.
- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- პრინციპში, ვისურვებდი, ის ეთქვა ჩემთვის, რასაც მე ვეტყოდი საკუთარ თავს: მე ვხვდები, რატომ მოიქეცი ასე.