logo_geo
„საქართველოში მეტი შფოთი და მღელვარებაა კორონავირუსის გამო, ვიდრე ჩინეთში“ - პეკინში მცხოვრები ქართველი
- +

29 იანვარი. 2020. 12:44

 

 

 

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში უფრო მეტი შფოთი და მღელვარებაა კორონავირუსის გამო, ვიდრე ჩინეთში“, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“  ჩინეთში მცხოვრებმა ქართველმა ნინო გვრიტიშვილმა ისაუბრა.

 

მისი თქმით, ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

 

„დეკემბერში უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ უხანში 2 ადამიანი იყო გარდაცვლილი ვირუსით. მაგრამ წერდნენ, რომ სანერვიულო არაფერი იყო. როგორც ვიცი, ისევ ებოლას ვირუსი ეგონათ. დაახლოებით 1 კვირაა რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, ყველას მოგვიწოდებენ პირბადის ტარებისა და ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავის შეკავებისკენ. ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

 

მთავრობა ყველანაირად ცდილობს, შეაჩეროს ვირუსი. აშენებენ საავადმყოფოებს, რომელიც მხოლოდ კორონავირუსით დაავადებულებისთვის იქნება, სახლებს დეზინფექციას უკეთებენ და ა.შ. პეკინშიც ეს სიტუაციაა...

 

მე პეკინში ვცხოვრობ, სადაც დაახლოებით 60-მდე დაინფიცირების შემთხვევაა, თუმცა, გარდაცვლილებზე ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე სინგაპურში ვარ, ახლა ჩინური ახალი წელია და დასვენებაა 1 კვირა.

 

ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს, რომ ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები სულ ცოტა 17 თებერვლამდე არ იმუშავებენ, ამიტომ მოგვიწოდებენ, აღარ დავბრუნდეთ პეკინში. სინგაპურში 4 შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხივეს მდგომარეობა სტაბილურია. რიგ შემთხვევაში განკურნებადია ეს ვირუსი, უბრალოდ, დროულად უნდა მოხდეს რეაგირება.

 

შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში უფრო მეტი შფოთი და მღელვარებაა, ვიდრე ჩინეთში. აქაური მთავრობა მაქსიმალურად მობილიზებულია, ამიტომ ვფიქრობ, მალე აღმოფხვრიან. ეს 3 დღეა უფრო და უფრო გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები“, - აცხადებს პეკინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ჩინეთში ვირუსით უკვე 132 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 5974-ს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი