logo_geo
მარნეულის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი ყველა პირი სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას გადის
- +

23 მარტი. 2020. 14:54

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელ პუნქტთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდება. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი მარნეულთან განთავსებული ბლოკ-საგუშაგოდან იტყობინება, ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

 

მუნიციპალიტეტში შესვლის მსურველი ყველა პირი სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას გადის. ადგილზე ხდება მათთვის ტემპერატურის გაზომვა.

 

ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში არიან ჩაწერილები, თუმცა შესვლის შემთხვევაში, ისინი ტერიტორიას ორი კვირის განმავლობაში ვერ დატოვებენ.

 

ამასთან, ტერიტორიაზე შესულ ავტომობილებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.

 

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში პოლიციის კონტროლის გარეშე ვერავინ შევა და გამოვა.

 

„ყველა სამსახური ვართ კომუნიკაციაში. იგეგმება ყველა ოჯახთან მისვლა და შესაბამისი განმარტებების გაკეთება. არავითარი დეფიციტი არ არის სასურსათო კუთხით. ამასთან, ყველა შემოსასვლელი გზა გაკონტროლებულია პოლიციის მიერ. კონტროლის გარეშე ვერავინ შევა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

ამასთან, საგუშაგო პუნქტზე გაატარეს ყველა სატრანზიტო სატვირთო ავტომობილი იმ პირობით, რომ აღარ გაჩერდებიან მუნიციპალიტეტში.

 

გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ექიმ მედია ჯოხაძის განცხადებით, ამოწმებენ მუნიციპალიტეტთან არსებულ ყველა საგუშაგოს, ადგილზე სხეულის ტემპერატურას უზომავენ ადამიანებს. მისივე განმარტებით, მაღალი სიცხე ან რაიმე ტიპის გართულება ჯერჯერობით არავის დაფიქსირებია.

 

„ჯერჯერობით არ გამოვლენილა ისეთი, ვისაც სიცხე ჰქონდა. ასევე ეპიდხველება არ დაფიქსირებულა. ჩვენ აღჭურვილები ვართ. მოქალაქეებს ვთხოვთ, ვემუდარებით, ნუ დამალავენ, თუ ჰქონდათ პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან. აღიარეთ, ვისთან გქონდათ კონტაქტი იმისთვის, რომ გადარჩეს ქვეყანა და მსოფლიო. შემოწმებისას ყველა გვემორჩილება“, - განაცხადა ჯოხაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი