logo_geo
გავიხსენოთ 13 მაისი კოტე მახარაძის სიტყვებით: წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში...
- +

13 მაისი. 2020. 12:19

 

 

დღეები სწრაფად გარბიან, ნაბდით დაჭედილი ბედაურებივით. და მაინც, სანამ იქნება ქართული ფეხბურთი, სანამ თუნდაც ერთი ფეხბურთელი გააგორებს ბურთს ქართულ მინდვრებზე, არასოდეს დაგვავიწყდება 1981 წლის 13 მაისი - დღე, როდესაც ქართული ფეხბურთი არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღლა იდგა. რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც: ამ დღეს თბილისის „დინამომ“ ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით თასების მფლობელთა თასი მოიგო.

 

მაშინდელ ამბებს დღესაც ხალისით იხსენებენ ფეხბურთზე მოფიქრალი, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ძიაკაცები. ისტორიას გაუძლო კოტე მახარაძის ფრაზამ, რომელიც არც არასოდეს მოკვდება - „წარმომიდგენია, რა ხდება ამჟამად საქართველოს დედაქალაქში - თბილისში. ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა“.

 

მსმენია, ამ ფრაზის გამო ლეგენდარულ ქართველ კომენტატორს გვარიანად გაუწყრნენ ჩაკეტილ და ეროვნული თვითმყოფადობის გამოვლინების მტერ საბჭოთა კავშირში. ზოგადად, ამ შეხვედრას რამდენიმე ლეგენდარული ისტორია ახლავს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და არასოდეს მიეცემა დავიწყებას.

 

მთელი საქართველო ასე ერთიანი ალბათ თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში თუ ყოფილა. არის ხოლმე წამები ერის ცხოვრებაში, რომელიც დავიწყებას არასოდეს მიეცემა. ბედნიერებაა, რომ ასეთი წამები არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და ამ წამებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ 13 მაისის ღამე თბილისში.

 

მე ბევრი მისაუბრია იმ ღამის მომსწრეებთან. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ კატაკლიზმების გალა გამოიარა. ალბათ ამადაც, იმ მზიანი ღამის მონაწილეები დიდი სიყვარულითა და დანანებით იხსენებენ მას და ერთხმად ამბობენ, რომ იმ ღამეს ყველა ქართველს ყველა ქართველი უყვარდა!

 

კაცმა არ იცის, განმეორდება თუ არა ასეთი რამ კიდევ ქართულ ფეხბურთში. დღევანდელი გადასახედიდან ოპტიმიზმით გაჟღენთილ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ვერ დავწერთ, რადგან იქამდე შორია, მაგრამ ისტორია თითქმის ყოველთვის მეორდება და ჩვენ გვჯერა მისი განმეორების. ამ გადასახედიდან ამის წარმოდგენა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც...

 

დიუსელდორფში, აღმოსავლეთგერმანულ „კარლ ცაისთან“ შეხვედრა ქართული გენის ზეიმად იქცა. თამაშის სცენარი კარგად გახსოვთ: მეორე ტაიმის შუაწელში გერმანელები გერჰარდ ჰოპეს გოლით დაწინაურდნენ, მერე კი ქართველთა ჯერი დადგა: ჯერ ვლადიმერ გუცაევმა, მერე კი ვიტალი დარასელიამ „დინამოს“ თასების მფლობელთა თასი მოაგებინეს.

 

მერე იყო ქართული გულებით განათებული თბილისი, ხალხით გადაჭედილი „დინამოს“ სტადიონი და საერთო-ქართული ზეიმი. დიდი ამბები ხდებოდა სტადიონზე - იტალიელი მსაჯის, რიკარდო ლატანცის სასტვენის შემდეგ „რეინშტადიონზე“ ქართულმა ვულკანმა ამოხეთქა. „დინამოს“ სამედიცინო შტაბის წევრმა, ანზორ გაბიტაშვილმა კი ფინალის ისტორიული ბურთი არავის დაანება.

 

ალეკო კაკაურიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი