logo_geo
ირაკლი კობახიძე: დღეს მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღია საუბრისთვის
- +

23 თებერვალი. 2024. 15:44

 

 

მე მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, ამის სურვილი თავიდანვე გამოვხატე, ვიზიტის და სხვა მიზეზების გამო აქამდე ვერ მოვახერხე შეხვედრა, თუმცა დღეს ეს შეხვედრა გაიმართება. ჩვენთვის მთავარია, რომ გამოვნახოთ საუკეთესო გადაწყვეტის გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოიძებნოს იმისათვის, რომ კოლექტივის ინტერესებიც იყოს დაცული.

 

„რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, დღეს გაიმართება შეხვედრა. მე მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან. ამის სურვილი თავიდანვე გამოვხატე, ვიზიტის და სხვა მიზეზების გამო აქამდე ვერ მოვახერხე შეხვედრა, თუმცა დღეს ეს შეხვედრა გაიმართება. ჩვენთვის მთავარია, რომ გამოვნახოთ საუკეთესო გადაწყვეტის გზა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არსებული მდგომარეობა კლინიკის არ არის დამაკმაყოფილებელი, უმჯობესია, რომ თვისობრივად გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამასთან ერთად, ჩვენ გულისხმიერად უნდა მივუდგეთ იმ ინტერესებს, რომელიც აქვს საავადმყოფოს კოლექტივს. აქ რაღაცნაირი ბალანსი უნდა გამოიძებნოს. ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღია საუბრისთვის ყველაფერთან დაკავშირებით. ორი ინტერესია, რაც უნდა დაბალანსდეს - ეს არის ახალი საავადმყოფოს აშენების ინტერესი, რაც არის ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მდგომარეობა დღეს არ არის კარგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ინფრასტრუქტურა არ არის კარგი, შესაბამისად, განახლება არის აუცილებელი, ამასთან ერთად, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოვძებნოთ იმისათვის, რომ კოლექტივის ინტერესებიც იყოს დაცული. დანარჩენ დეტალებზე გვექნება საუბარი, წინასწარ გამიჭირდება შედეგებზე საუბარი. ჩვენ ვილაპარაკებთ ყველა დეტალზე, და ამის შემდეგ მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი