logo_geo
ჯაბა სამუშიამ თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

23 თებერვალი. 2024. 17:07

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერაზე, მის გაძლიერებაზე, ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. რექტორმა და ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს  კვლევითი ინსტიტუტების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრაციის განვითარების, აგრეთვე, ახალგაზრდა მეცნიერების, პოსტ-დოქტორანტების საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში ჩართვის საკითხი.

 

„ჩვენი მიზანია, თსუ-ს შემადგენლობაში მყოფი კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, ინსტიტუტებში არსებული ლაბორატორიების ინფრასტრუქტურას მკვლევრებთან ერთად სტუდენტებიც იყენებდნენ როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილში,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებულ კვლევით ინსტიტუტებს აქვთ ლაბორატორიები, სადაც ტარდება საერთაშორისო დონის კვლევები, მათ ჰყავთ არაერთი წამყვანი მეცნიერი და მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ გაიარონ პრაქტიკა ამ სივრცეებში.

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ბაზებში სამეცნიერო სტატიების განთავსების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების კონკურსში კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების ჩართვაზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში.

 

big_banner
არქივი