logo_geo
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა
- +

26 თებერვალი. 2024. 13:30

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დიდხნიანი მუშაობის შედეგად, მოამზადა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას, რათა სკოლამ აღზარდოს ღირსეული მოქალაქე.

 

დოკუმენტი ეფუძნება მოსწავლეებში შემდეგი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას:

 

  • ეროვნული იდენტობის შენარჩუნება;
  • ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება;
  • სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა;
  • სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი;
  • ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;
  • მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა;
  • თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება.

 

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ის დოკუმენტია,  რომელიც შეთანხმებული და გაზიარებული უნდა იყოს ფართო საზოგადოებასთან, რათა სასკოლო საზოგადოება სრულად თანხმდებოდეს ამ მნიშვნელოვან პრინციპებზე. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო  დაიწყებს დოკუმენტის  საჯარო განხილვას და შესაბამისი უკუკავშირების შემდეგ  წარმოადგენს  საბოლოო ვერსიას, რომელიც პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

 

სწორედ, ფართო საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებულ  დოკუმენტს დაეფუძნება  ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა საგნის სტანდარტი, თუ სახელმძღვანელო, რათა ამ ჯაჭვმა საბოლოო, ზემოთ ჩამოთვლილ დიდ მიზნამდე მიგვიყვანოს.

 

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ეს დოკუმენტი ზოგადი განათლების ერთგვარი კონსტიტუციაა.

 

 

big_banner
არქივი