logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი გუდაურის მსოფლიო ჩემპიონატზე: ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო-სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება
- +

5 აპრილი. 2024. 19:05

 

 

გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის, განსაკუთრებით გუდაურისთვის.

 

„ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო-სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება. გასულ წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ მსოფლიო ჩემპიონატს, ასევე 2023-24 წლებში ჩავატარეთ მსოფლიო თასების ეტაპები და მოვიპოვეთ კიდევ ერთი გამარჯვება - გუდაური იქნა არჩეული, როგორც 2024 წელს მსოფლიო სნოუბორდის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს არის ასევე აღიარება იმ გაწეული შრომისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა გუდაურში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით ახორციელებს.

 

„დარწმუნებული ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება, რომელსაც წარმატებით ჩაატარებს ჩვენი ქვეყანა, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებაზე. შედეგად, მოველით, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს საქართველოს სამთო კურორტებზე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ან ჩართული თითოეული მეწარმის გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ გუდაურში ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო)  21 წლამდე ასაკის 80  სპორტსმენი იასპარეზებს.

 

big_banner
არქივი