logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღე აღნიშნეს
- +

26 ოქტომბერი. 2017. 18:31


 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღე აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო აფხაზურენოვანი წიგნების გამოფენა, პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის საჯარო ლექცია თემაზე „აფხაზური ენა დღეს", ხოლო სტუდენტურმა ანსამბლმა „სნომ" აფხაზური სიმღერები შეასრულა.


ღონისძიებას სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ აფხაზური ენა მოწყვლადი ენების კატეგორიად მიიჩნევა, მაგრამ გამოსავალი ისაა, რომ აფხაზეთი უნდა დაბრუნდეს საქართველოს იურიდიულ სივრცეში.

 

„დღევანდელი საჯარო ლექციის თემა გახლავთ „აფხაზური ენა დღეს". საუბარი იქნება ამ ენის მძიმე მდგომარეობაზე, იუნესკოს მიერ შედგენილ საფრთხეში მყოფ მსოფლიო ენის ატლასში, აფხაზური ენა შეტანილია მოწყვლადი ენების კატეგორიაში. ეს არის ის კატეგორია, როდესაც ბავშვებმა ენა უკვე აღარ იციან, მაგრამ უფროსმა თაობამ იცის.

 

რა თქმა უნდა, აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილი განიცდის ამას, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ, გამოსავალი კი მარტივია - ეს არის აფხაზეთის დაბრუნება სქართველოს იურიდიულ სივრცეში და ქართველი და აფხაზი ხალხების ერთდროული ზრუნვა ამ ენაზე. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება სწავლების ენას, თუ სწავლების ყველა საფეხურზე იქნება გამოყენებული აფხაზური ენა, მას საფრთხე არ დაემუქრება, მაგრამ თუ გაგრძელდება ის პრაქტიკა, როგორიც დღეს არის, როდესაც მეოთხე კლასის შემდეგ ყველა საგანი ისწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე, რა თქმა უნდა, ეს ენა ვერ გადარჩება, და არც ისე შორს იქნება ის დღე, რომელიც სასურველია, რომ არ დადგეს", - განაცხადა თეიმურაზ გვანცელაძემ.


აქვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება არის არა მხოლოდ ამ დღის აღნიშვნა, არამედ ჩვენი დამოკიდებულება აფხაზური ენისა და ხალხის მიმართ.


„აფხაზური დღის აღნიშვნა საქართველოს მთავრობის წამოწყებაა, რასაც მხარი აუბა პირველ რიგში განათლების სამინისტრომ, ჩვენც ვებმებით ამ პროცესში  და გვინდა, რომ დღევანდელი დღე იყოს ღირსეულად წარმოდგენილი აფხაზური ენის დღედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კვლავაც გავაგრძელებთ.

 

დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება არის არა მხოლოდ აღნიშვნა ამ დღის, არამედ ჩვენი დამოკიდებულება აფხაზური ენისადმი და ზოგადად აფხაზეთისადმი და აფხაზი ერისადმი. ბატონი თემურ გვანცელაძე, ენის აღიარებული სპეციალისტი, წარსდგა საჯარო ლექციით, ბატონი თემურის და არამარტო მისი დახმარებით ჩვენ მოვიძიეთ რარიტეტული წიგნები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი", - აცხადებს ზურაბ ხონელიძე.


ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მანანა ტაბიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ ღონისძიებისადმი სტუდენტების დიდი ინტერესი აჩვენებს, რომ საქართველოში აფხაზების მიმართ დიდი სიყვარულია.


„ყოველწლიურად ერთი მონოგრაფია ან ძალიან სერიოზული კრებული ეძღვნება აფხაზურ ენას და პრაქტიკულად ძალიან ხშირად არის აფხაზური ენის დღეები, რადგან ეს არის ცალკეული პოეტის, შემოქმედის, რომელიმე მნიშვნელოვანი წიგნის თარგმნის ან სამეცნიერო ნაშრომის დემონსტრირებისადმი მიძღვნილი. დღევანდელი დღეც ასეთია.

 

ვფიქრობ, რომ თავისთავად დამსწრეთა რაოდენობა, სტუდენტთა დიდი ინტერესი ამ მოვლენისადმი აჩვენებს, რომ საქართველოში აფხაზების მიმართ  დიდი სიყვარულია და მჯერა, რომ ამას ოდესმე გაიგონებენ ჩვენგან", - განაცხადა მანანა ტაბიძემ.    



 

 

 

 

big_banner
არქივი