logo_geo
ბავშვებისთვის გეგმური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1 ივნისიდან გახდება
- +

3 იანვარი. 2019. 12:22

 

 

„5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1 ივნისიდან გახდება“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ზაფხულამდე პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული კანონქვემდებარე აქტები მოვიდეს შესაბამისობაში.

 

ზოიძის ინფორმაციით, 1 ივნისიდან ასევე სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

 

„კანონში ცვლილება უკვე შესულია. სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების კალენდარში არსებული 10 აცრა მანამდე სარეკომენდაციო სახის იყო, ახლა წერია, რომ სავალდებულოა, უბრალოდ, ტექნიკურად ეს ცვლილება ძალაში შევა 1 ივნისიდან, რადგან გარკვეული კანონქვემდებარე აქტები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ცვლილების ძირითადი არსი ის არის, რომ აცრებთან დაკავშირებით ყოველგვარი ორაზროვნება აღმოიფხვრას, რადგან აცრები არის სავალდებულო, სასარგებლო და ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, რათა ჩვენი ბავშვები ისეთი საშიში დაავადებებისგან დავიცვათ, როგორიც არის: წითელა, წითურა, პოლიემიელიტი და ა.შ“, - აღნიშნა ზოიძემ.

 

აკაკი ზოიძის ინფორმაციით, აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

 

„აღსრულების მექანიზმი ჯარიმა ან რაიმე კანონში ჯერჯერობით ჩადებული არ არის, თუ საჭირო გახდა, ბაღში ბავშვის დაშვება-არდაშვების საკითხი შეიძლება დადგეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით გეგმაში არ არის. სხვა ქვეყნებში ასეთი რამ არსებობს, მაგრამ ამას ჯერ არ ვაკეთებთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის თანახმად, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შემდეგი აცრების ჩატარებაა სავალდებულო: B ჰეპატიტი; BCG (ბცჟ); დიფტერია/ტეტანუსი/ყივანახველა/ჰეპ B/ჰიb/იპვ; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.

 

 

big_banner
არქივი