logo_geo
H1N1 - რა უნდა ვიცოდეთ „ღორის გრიპის“ შესახებ
- +

24 იანვარი. 2019. 16:33

 

 

H1N1 ანუ „ღორის გრიპი“ ბოლო პერიოდში ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთ უმძიმეს პრობლემად იქცა. ამ ვირუსს „ღორის გრიპს“ უწოდებენ, რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა მისი გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ღორებში გვხვდება.

 

„ღო­რის გრი­პი“ A გრი­პის (იწვევს პანდემიას და ასნებოვნებს როგორც ადამიანებს, ისე ხერხემლიან ცხოველებსაც) ერთ-ერთი ქვე­სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც მე­დი­ცი­ნის ენა­ზე H1N1 ჰქვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსი, რომელმაც 2009 წელს ეპიდემია გამოიწვია, არის H1N1-ის აქამდე უცნობი ვერსია. მისი თავისებურება კი ისაა, რომ ის შეიცავს არა მხოლოდ „ღორის გრიპის“, არამედ „ფრინველის გრიპის“ გამომწვევ გენეტიკურ მასალასაც.

 

სიმპტომები, რომლითაც შესაძლებელია ვირუსის ამოცნობა:

  • გრიპი უცაბედად იწყება და ამით განხვავდება სხვა დაავადებებისგან;
  • სიცხე ან ციებ-ცხელება;
  • ხველა;
  • ყელის ტკივილი;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამონადენი ცხვირიდან;
  • თავისა და კუნთების ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, გულისრევა და დიარეაც მოჰყვეს, თუმცა, ეს უფრო ბავშვებში ხდება.

 

გრიპი შესაძლოა რამდენიმე დღეს ან 2 კვირასაც გაგრძელდეს, ზოგჯერ კი სიკვდილის მიზეზიც გახდეს. განსაკუთრებული გართულება ამ ვირუსმა შეიძლება კონკრეტული დაავადებების მქონე ადამიანებში გამოიწვიოს.  ეს დაავადებებია: დიაბეტი, ასთმა, გულის დაავადებები, თირკმლის დარღვევები, ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ა.შ.

 

მაღალი რისკის ჯგუფში არიან:

  • 65 წელს ზევით ადამიანები
  • ორსულები
  • ბავშვები 5 წლამდე, განსაკუთრებით კი 2 წლამდე
  • 19 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც ასპირინის ხანგრძლივ თერაპიას გადიან.

H1N1 ვირუსი ადამიანებში ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი ამ ვირუსისაგან, უნდა გავითვალისწინოთ შესაბამისი ინსტრუქციები.

 

ჯანმრთელი ადმიანი: უნდა მოერიდოს კონტაქტს დაავადებულთან, რაც შეიძლება ხშირად დაიბანოს ხელები საპნით და სასურველია გამოიყენოს სპირტზე დამზადებული სადეზინფექციო საშუალებები; მოერიდოს თვალთან, ცხვირთან და პირთან ხელით შეხებას; გაწმინდოს და დეზინფექცია ჩაუტაროს ზედაპირებს, რომლებზეც შესაძლოა იყოს გრიპის ბაქტერიები.

 

დაავადებული ადამიანი: მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს და იმისათვის, რომ ვირუსი სხვა ადამიანს არ გადასდოთ, დარჩით შინ 24 საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ცხელება გაგივლით; დაიფარეთ ცხვირი/პირი ქაღალდის ხელსახოცით, მაშინ როდესაც ახველებთ, ნუ გამოიყენებთ ხელსახოცს მეორედ; შეგიძლიათ მიიღოთ ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც ვირუსს არბილებს და ამცირებს ავადმყოფობის ხანგრძლივობას; ასეთი პრეპარატების მიღება ყველაზე ეფექტურია ავადმყოფობის დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში, თუმცა, მოგვიანებით მიღებაც შეიძლება დაეხმაროს პაციენტს.

 

„არ აგერიოთ ერთმანეთში გრიპი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ფატალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა კი მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, „მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის“.

 

გრიპით ავადობის ბოლო ათი წლის სტატისტიკა

 

 

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით - ამის განსაზღვრა არც ისე მარტივია, რადგან მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს თავისი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა და იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების ჯანმრთელობაზე. გაითვალისწინეთ მედიკოსების რჩევები და ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

 

 

big_banner
არქივი