logo_geo
რომან კაკულია: უმუშევრებისთვის კომპენსაციის შემოღება აუცილებელია
- +

24 იანვარი. 2019. 18:00

 

„უმუშევრობა როდესაც დგება, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი, ეს უნდა იყოს კომპენსაცია და სწავლებები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ საქსტატში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოში უმუშევრობის დონე 13 პროცენტს აღემატება და ქვეყანაში დაუსაქმებელთა კომპენსაციის მექანიზმის შემოღების ინიციატივით გამოდის.

 

„უნდა გვქონდეს მექანიზმი, რომ ადამიანისთვის, რომელიც დაკარგავს სამსახურს, მის მიმართ გვქონდეს პასუხი – რა ვუთხრათ „საბაზრო ეკონომიკაა და შენთვის პასუხი არ გვაქვს?“ მე ვფიქრობ, რომ თუნდაც სიმბოლურად უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია, რომელიც შეკრავს ლოგიკას. თუ ჩვენი ღია, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, რომელიმე კომპანია დაკარგავს კონკურენტუნარიანობას და მისი პროდუქტი აღარ იქნება ბაზრისთვის მიმზიდველი, იქ დასაქმებულთა მიმართ უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი.

 

უმუშევრობა როდესაც დგება, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი, ეს უნდა იყოს კომპენსაცია და სწავლებები, რათა ადამიანი ახალ უნარებს დაეუფლოს, რაც მას შემდგომი დასაქმებისთვის გამოადგება. ეს არის ჩემი მოსაზრება. დღეს ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა. თუ მომავალში გაჩნდება ეს შესაძლებლობა, მე ამას მივესალმები“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომაც იცის მისი პოზიცია და უმუშევრად დარჩენილი მოსამსახურეების კომპენსაცია აუცილებლადაა საჭირო.

 

„ჩემი აზრით, არის ბიუჯეტში მრავალი ხარჯი, რომლის შემცირებაც არის შესაძლებელი. მე ვიმუშავებ ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტრომაც იცის ჩემი პოზიცია, რომ იმ ადამიანებს, რომელთა სამსახურებიც გაუქმდება იმის გამო, რომ მათმა დამსაქმებლებმა ვერ შეძლეს კონკურენციაში შესვლა უცხოურ საწარმოებთან, მათთვის ჩვენ პასუხი უნდა გვქონდეს. მაგალითად, რა პასუხი უნდა გვქონდეს აგარის შაქრის ქარხნის დასაქმებულებთან, რომლებიც სახლში წავიდნენ? შესაძლოა, პირველ ეტაპზე კომპენსაცია არ იყოს იმ ოდენობის, რაც ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს, მაგრამ ის ჩვენ გვჭირდება“, - აღნიშნა კაკულიამ.

 

დეპუტატის თქმით, საწყის ეტაპზე შესაძლოა, კომპენსაცია არ იყოს დიდი მოცულობის, თუმცა ასეთი მექანიზმის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვანია.

 

 

 

big_banner
არქივი