logo_geo
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი დაჰკითხეს
- +

15 აპრილი. 2019. 15:27

 

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი დაჰკითხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ის ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც ხმის ჩამწერი მოწყობილობიდან ჩანაწერი ამოიღო და ექსპერტიზა ჩაატარა.

 

საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ექსპერტიზის მიერ ამოღებულია ე.წ. დიქტოფონიდან ჩანაწერი, რომელიც პროკურორის თქმით, ასახავს თათბირის დეტალებს, სადაც პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე საუბარი, ხოლო ექსპერტიზა კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

 

„ინფორმაცია, რაც თავდაპირველად ინახებოდა ხმის ჩამწერ მოწყობილობაში, დღემდე ხელუხლებელია და მტკიცებულებად არის წარმოდგენილი საქმეში. ადვოკატის, ბატონი კახას კითხვები სხდომაზე, თუ რატომ არის დისკზე გადატანისას ესა თუ ის რიცხვი დაფიქსირებული, ეს უბრალოდ ემსახურებოდა დროის გაყვანას, რადგან საქმეში დევს ხმის ჩამწერი მოწყობილობა და ამ მოწყობილობიდან ამოღებული ჩანაწერიც“, - განაცხადა პროკურორმა.

 

ჩანაწერის ავთენტურობას და ექსპერტიზის დასკვნასა ეჭვქვეშ აყენებენ ბრალდებულების ადვოკატები. ლევან ქარდავას ადვოკატის განცხადებით, შეუძლებელია დადგინდეს, როდის გაკეთდა აღნიშნული ჩანაწერი, რომელიც პროკურატურისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

 

„აღნიშნულ ჩანაწერზე თარიღის დადგენა, თუ როდის გაკეთდა ეს ჩანაწერი, არის ფიზიკურად შეუძლებელი. შესაძლებელია, ვიღაცამ გააყალბა, თარიღი შეცვალა ან ტექნიკურად რამე ცვლილება მოხდა. მე ვიცავ ლევან ქარდავას, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის შემხებლობას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებასთან“, - განაცხადა გია გოროზიამ.

 

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე შემდეგი სხდომა 1 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.

 

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას, ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.

 

ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები - გია დგებუაძე - იგივე „მასტერა“, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.

 

პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ეს ჩანაწერი დაეხმარა უწყებას საქმის გახსნაში და ის 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა.

 

 

big_banner
არქივი