logo_geo
ნანა მაჭავარიანი: მიხარია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ქართულის სახელმწიფო ენად დამკვიდრებაში
- +

15 აპრილი. 2019. 18:36

 

პოეტ მუხრან მაჭავარიანის შვილი ნანა მაჭავარიანი Facebook-ის გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მიხარია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ქართულის სახელმწიფო ენად დამკვიდრებაში. მუხრან მაჭავარიანის ოჯახისთვის ეროვნული ფასეულობები უპირველესი იყო.

 

მოგეხსენებათ, საბჭოთა რეჟიმის დროს იდევნებოდა თავისუფალი სიტყვა. ამის გამო მამას ბევრი უსიამოვნება შეხვდა, რომელიც შემდეგ მთელ ოჯახზე აისახა.

 

ალბათ, ამ ყველაფრის მომსწრე რადგან ვიყავი, ჩემი განწყობაც დისიდენტური იყო.

 

14 აპრილს წინ უძღოდა კონსტიტუციის 75-ე მუხლის საპროტესტო მუხტით აქტიური განხილვა შემოქმედებით კავშირებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ენის სახელმწიფო სტატუსის დაკარგვის საფრთხემ მთელი საქართველო მოიცვა.

 

13 აპრილს მამაჩემთან სახლში მოვიდნენ სტუდენტები და რჩევა ჰკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ. მამას ახსოვდა სისხლიანი 1956 წლის 9 მარტი, გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს, ამიტომ სტუდენტებს უთხრა, მეც თქვენთან ერთად წამოვალო.

 

14 აპრილს უნივერსიტეტში პირველები მივედით: მე, ჩემი მეუღლე - ლერი ახმეტელი და მისი მამიდაშვილები: ზურაბ და ლალი ქუთათელაძეები, მაშინ ვამთავრებდი უნივერსიტეტს. ელგუჯა ხინთიბიძე იყო ჩვენი დეკანი. როდესაც უნივერსიტეტის ეზოში ძალიან ბევრი სტუდენტი შევგროვდით, ბატონმა ელგუჯამ გაბრწყინებული სახით გვთხოვა, რომ დავშლილიყავით. აშკარად, მას ხელისუფლებისგან ნაბრძანები ჰქონდა სტუდენტების დაშლა, მაგრამ ის ისეთი გამომეტყველებით მოგვიწოდებდა დაშლისაკენ, რომ ყველაფერი ნათელი იყო.

 

მერე რუსთაველზე უკვე უზომო ხალხმა მოიყარა თავი. საოცრად დაძაბული სიტუაცია იყო, იგრძნობოდა ეროვნული მუხტი. ამ დღესაც, როგორც 1956 წლის 9 მარტს და 1989 წლის 9 აპრილს, ქართული მილიცია ქართველ ხალხს მხარში ედგა. ახალგაზრდები მილიციის მანქანის ე. წ. „კანარეიკის“ ხმის გამაძლიერებლებით კითხულობდნენ ქართული ენისადმი მიძღვნილ ლექსებს...

 

საღამოს კი ცეკას პირველმა მდივანმა გამოგვიცხადა, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა ქართული იქნებოდა. ამ განცხადებას დიდი სიხარული მოჰყვა.

 

უკვე კარგად იყო შებინდებული, როდესაც მამაჩემის საცხოვრებელი სახლის ეზოში ახალგაზრდებით სავსე ორი მანქანა შემოიჭრა: - „ბატონო მუხრან, გავიმარჯვეთ!“ - ახარეს მამას ქართული ენის გადარჩენა.

 

ვფიქრობ, რომ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებმა დიდი სტიმული მისცა 1989 წლის 9 აპრილს. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. სხვათაშორის, ქართველი ერის ბრძოლამ სახელმწიფო ენისათვის, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებსაც შეუნარჩუნა მშობლიური ენები სახელმწიფო ენებად. ასევე, 80-იანი წლების ბოლოს ქართველი ერის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ ბიძგი მისცა დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში ეროვნული მოძრაობის აზვირთებას“, - წერს ნანა მაჭავარიანი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი