logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: დღეს ლუკა კურტანიძე 47 წლის გახდა - ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ...
- +

16 აპრილი. 2019. 19:36

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, სპორტსმენ ლუკა კურტანიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს და 47 წლის იუბილეს ულოცავს:

 

„დღეს, 16 აპრილს, დაბადების დღეს აღნიშნავს ელდარ (ლუკა) კურტანიძე. ლუკა 47 წლის გახდა. ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს სამოღვაწეო ასპარეზზე.

 

ლუკა კურტანიძე - გამოჩენილი ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე. იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი (2012 - 2015), საქართველოს პარლამენტის წევრი 2015-2016 წლებში. კურტანიძე სამჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1996, 2002, 2003). არის ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი, საქართველოს სპორტის რაინდი (2002).

 

ლუკა კურტანიძე დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ ქვემო ფშაფში, 1972 წლის 16 აპრილს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი 1996 წელს, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

ლუკა კურტანიძე 1992 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ამის შემდეგ ის 5-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (1996, 1997, 1998, 2001, 2005). ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა 1993, 1995, 2002 წლებში, ხოლო 1999 წელს მესამე ადგილს დასჯერდა. კურტანიძე არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2002, 2003), მსოფლიო ჩემპიონატის მეორე (1995) და მესამე პრიზიორი (1999).

 

ორჯერ აიღო ბრინჯაოს ოლიმპიური მედალი: ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წელს და სიდნეის ოლიმპიურ თამაშებში 2000 წელს. ასევე მონაწილეობდა ათენის ოლიმპიადაზე (2004), სადაც მერვე ადგილი დაიკავა“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი