logo_geo
BBC საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულ დებზე წერს
- +

19 აპრილი. 2019. 14:38

 

ტელეკომპანია BBC საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულ დებზე წერს.

 

25 წლის ვაფა და 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე საქართველოში ჩავიდნენ და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებიან. საერთაშორისო საზოგადოებისგან ყურადღების მისაპყრობად მათ Twitter-ის პროფილი @GeorgiaSisters შექმნეს. ისინი გაერო-ს მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გადასვლაში დახმარებას სთხოვენ, საქართველოში კი იმიტომ ჩავიდნენ, რომ მათ სამშობლოსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს“.

 

„სახის დაფარვა გვიწევდა, საჭმლის კეთებას გვაიძულებდნენ, როგორც მონებს. ჩვენ ეს არ გვსურს, ნამდვილი, საკუთარი ცხოვრებით ტკბობა გვსურს. ჩვენ თქვენი დახმარება და დაცვა გვჭირდება. ისეთ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, სადაც ჩვენ მიგვიღებენ და ჩვენს უფლებებს დაიცავენ“, - ამბობს 25 წლის ვაფა.

 

ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში დები ამბობენ, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ვინაიდან მათი პოვნა ძალიან ადვილია.

 

„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ჩვენს ნებისმიერ ნათესავს შეუძლია ჩამოვიდეს და გვიპოვოს“, - ამბობს ვაფა.

 

„საუდის არაბეთში კაცები ქალების ცხოვრებას დაბადებიდან გარდაცვალებამდე პატრიარქატის სისტემის საშუალებით აკონტროლებენ“, - ამბობს ორგანიზაცია „Human Right Watch“-ის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დირექტორი სარა ლეა უითსონი.

 

საუდის არაბეთში დასაქმებისთვის ან მოგზაურობისთვის ქალებს კაცი ნათესავის ნებართვა სჭირდებათ. 2019 წლის იანვარში 18 წლის რაჰაფ მოჰამედ ალ-ქანუნი ტაილანდში ჩაფრინდა და სასტუმროს ოთახში ჩაიკეტა, რის შემდეგაც Twitter-ში სამშობლოში დაბრუნებისგან თავის არიდებაში დახმარება ითხოვა. მოგვიანებით კანადამ მას თავშესაფარი მიანიჭა“, - წერს BBC.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი