logo_geo
ბათუმში ორთაჯამემ მლოცველები ვერ დაიტია - მორწმუნეების დიდმა ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა
- +

4 ივნისი. 2019. 11:56

 

მუსლიმური სამყარო დღეს რამაზან ბაირამს ზეიმობს. მორწმუნეები მზის ამოსვლას მეჩეთში ლოცვით ხვდებიან.

 

ორ ადგილზე გადანაწილებული მრევლის მიუხედავად, ბათუმის ორთაჯამემ მლოცველები ისევ ვერ დაიტია და მორწმუნეების დიდმა ნაწილმა ლოცვა ქუჩაში, ქვაფენილზე შეასრულა.

 

მეორე ნაწილი კი იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც მრევლს მეჩეთის აშენება სურს, ბათუმის მერია კი ტერიტორიის განაშენიანების მიზეზით ნებართვას არ აძლევს. აღნიშნულ საქმეზე სარჩელის არსებითი განხილვა 12 ივნისს უნდა გაგრძელდეს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. მეორე მეჩეთის საჭიროებაზე საუბრობს საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძეც.

 

 

„ღმერთმა დღევანდელი დღის მადლით გააძლიეროს ჩვენი საქართველო, ეს მნიშვნელოვანი დღეა, მოგეხსენებათ, 12-ში არის სასამართლო პროცესი და მე დიდი იმედი მაქვს, საკითხი გადაწყდება მუსლიმი მრევლის, ჩვენი თანამოქალაქეების სასარგებლოდ“, - განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.

 

 

რამაზან ბაირამი მუსლიმებისთვის ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რასაც წინ უძღვის მძიმე მარხვა. ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებათ. ბაირამის დღეს კი მუსლიმები მოინახულებენ წინაპართა საფლავებს, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და უხვად გასცემენ მოწყალებას. დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟავაძემ მიულოცა. იგი ცენტრალურ მეჩეთში მინისტრებთან და ბათუმის მერთან ერთად მივიდა.

 

„ვულოცავ დღევანდელ დღეს მუსლიმ მრევლს, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ვუსურვებ რწმენის სიმტკიცეს და ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ ძლიერებას, ერთიანობას და იმ ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამონახვას ყოველთვის შევძლებთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟავაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი