logo_geo
ხერსონში ფილმის „მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში“ პრეზენტაცია გაიმართა
- +

17 ივლისი. 2019. 16:30

 

 

მიმდინარე წლის 16 ივლისს, უკრაინელ მშვიდობისმყოფელთა დღესთან დაკავშირებით, ხერსონში, კინოთეატრში „იუბილეინი“ დოკუმენტური ფილმის „მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს კონსული ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილი ესწრებოდა.

 

დოკუმენტური ფილმი ეძღვნება უკრაინელ სამხედროებს  ხერსონის სამხედრო ნაწილიდან, რომლის მებრძოლებმაც 1993 წელს აფხაზეთის ომის დროს, სვანეთის მთებში, 7000-ზე მეტი საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს.

 

ხერსონის მერმა ვლადიმირ მიკოლაენკომ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს, სვანეთის მთებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში იღებდნენ მონაწილეობას და ასევე, ფილმის გადამღებ ჯგუფს, ჯილდოები გადასცა.

 

„ისტორია უნდა შევისწავლოთ, რადგან მას განმეორება ახასიათებს. ჯერ იყო აგრესია აფხაზეთში და მაშინ შეიძლებოდა, გაგვეცნობიერებინა, რომ რუსეთი მხოლოდ საქართველოსთან კონფლიქტს არ დასჯერდებოდა. დღეს ჩვენ, ორ ერს, საერთო პრობლემა და საერთო მტერი გვყავს. 30 წლის წინ, უკრაინელმა სამხედროებმა, საქართველოს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იხსნეს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიამაყოთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით“,- განაცხადა ვლადიმირ მიკოლაენკომ.

 

თორნიკე ბერეკაშვილმა კი უკრაინელ სამხედროებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

ამასთან, ბატონმა თორნიკემ, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელით, ხერსონის А 1604 სამხედრო ნაწილს საჩუქრად გადასცა გამოფენა, რომელიც ასახავს იმ უკრაინელი მოხალისეებისა და სამხედროების ისტორიებს, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ომის დროს ქართველი მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაში.

 

აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და უწყების წარმომადგენლები, 2017 წელს, ოფიციალური ვიზიტით ხერსონში იმყოფებოდნენ. სამსახურმა საგანგებოდ ამ ვიზიტისთვის, გამოფენა მოამზადა, რომელიც 1993 წელს, ქართველების გადასარჩენად უკრაინელი მშვიდობისმყოფელებისა და მოხალისეების მიერ გაწეულ ღვაწლს და, ასევე, იმ ქართველ მეომრებს ეძღვნება, რომლებიც დღეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინელი ძმების მხარდამხარ იბრძვიან. სწორედ ეს გამოფენა გადაეცა საჩუქრად ხერსონის სამხედრო ნაწილს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი