logo_geo
ქველმოქმედება ჟურნალისტის დასახმარებლად: დავამტკიცეთ, რომ ძალა აქვს ადამიანების ერთობას
- +

4 დეკემბერი. 2019. 00:47

 

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის ინიციტივით, ყოფილი  ჟურნალისტის ნინო ჭიღიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

 

ნინო ჭიღიტაშვილს  თურქეთში სასწრაფო მკურნალობა, კერძოდ კი,  უჯრედოვანი კვლევის ჩატარება სჭირდება.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ საღამოში მონაწილეობა ცნობილმა მსახიობებმა, პოეტებმა, მხატვრებმა და მომღერლებმა მიიღეს.

 

საქველმოქმედო საღამოს სახელწოდებით - „ერთმანეთისთვის“, ქართველი ემიგრანტებიც შეუერთდნენ და ქალბატონი ნინოს მასპინძლობისთვის თურქეთის რესპუბლიკაში მზადყოფნა გამოთქვეს.

 

 

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ  გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და თბილისის საკრებულოს  ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მიმართეს. 

 

„ეს არ არის მხოლოდ ქალბატონი ნინოსადმი მიძღვნილი  საქველმოქმედო საღამო.  ეს  ჩვენი ურთიერთსიყვარულის,  თანადგომისა და ხვალინდელი საქართველოს საღამოა. ქალბატონ ნინოს მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და მას მატერიალურ დახმარებასთან ერთად მორალური მხარდაჭერაც ძალიან სჭირდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ღონისძიება. მინდა თითოეულ მონაწილეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო , ქალბატონ ნინოს კი მხნეობა და ჯანმრთელობა ვუსურვო“,- განაცხადა რიმა ბერაძემ. 

 

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერიისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ცნობილი პოეტები, მწერლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მოგვიანებით, რიმა ბერაძემ, საქველმოქმედო საღამოსთან დაკავშირებით სტატუსი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: „ადამიანებო მინდა იცოდეთ, გუშინდელმა თქვენმა თანადგომამ შედეგი გამოიღო, სულ მალე ნინო თურქეთში გაემგზავრება და გვჯერა, რომ თქვენი სიკეთე გაყვება თან და იქიდან სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.

 

ნინო ჭიღიტაშვილის დასახმარებლად გამართული გუშინდელი საქველმოქმედო ღონისძიება არ იყო მხოლოდ მატერიალური დახმარებისთვის გამართული საღამო, ეს იყო მორალური მხარდაჭერის, ჰუმანურობის და ადამიანური სიკეთის დღესასწაული. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რა ძალა აქვს ადამიანების ერთობას და რამდენი რამ შეგვიძლია როცა ერთად ვართ“, - წერს საკრებულოს დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

big_banner
არქივი