logo_geo
„ახლა რომ საქართველოში დავბრუნდე, ვირზე შემჯდარი მარიტასავით ვიქნები“ - რატომ არ უნდა უხანში მცხოვრებ ქართველს სამშობლოში დაბრუნება
- +

29 იანვარი. 2020. 14:51

 

 

 

 

„ახლა რომ საქართველოში დავბრუნდე, ვირზე შემჯდარი მარიტასავით ვიქნები, ტალახს მესვრიან და არ ვარ მორალურად მზად ამისთვის,“- ამის შესახებ ჩინეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, ნინი დავლიანიძემ რადიო „თავისუფლებასათან“ საუბრისას განაცხადა.

 

ნინი დავლიანიძე უხანში ცხოვრობს და იქვე მუშაობს. ახალი სახეობის ვირუსის შიშით, მან საკვები მოიმარაგა და სახლიდან არ გადის. ამასობაში, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მსჯელობს. თუმცა, ნინის ევაკუაციის იდეა არ მოსწონს.

 

„მე კატეგორიულად არ მინდა წამოსვლა, ახლა რომ საქართველოში დავბრუნდე, ვირზე შემჯდარი მარიტასავით ვიქნები, ტალახს მესვრიან და არ ვარ მორალურად მზად ამისთვის. ასევე, რამდენადაც ვიცი, პირდაპირ საქართველოში ევაკუაცია არ მოხდება, ჯერ მეგობარ ქვეყანაში გადაგვიყვანენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელი ქვეყანა იქნება ეს. იქ თოთხმეტდღიან კარანტინში უნდა ვიყო, მე ახლაც კარანტინში ვარ, ვზივარ სახლში იზოლირებული, გზაში კი, მომიწევს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა. 20 ადამიანიც რომ იყოს, ჩემთვის ეს საფრთხის შემცველია, რადგან არ ვიცი, ეს ადამიანები როგორ ცხოვრობდნენ, იყვნენ თუ არა აქამდე იზოლირებულები. ახლა უფრო უსაფრთხოდ ვარ, ვიდრე ხალხთან მგზავრობა და კარანტინში მათთან ერთად ცხოვრება იქნება“, - ამბობს ნინი დავლიანიძე.

 

როგორც მისთვის ცნობილია, ევაკუაცია აუცილებელი მოთხოვნა არ არის, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელისუფლება განიხილავს. ნინის იმედი აქვს, რომ მის სურვილს გაითვალისწინებენ.

 

„კარანტინი 24 იანვარს გამოცხადდა, სახლიდან არ გავდივარ. უბრალოდ ერთხელ გავედი, დაემთხვა მათ ახალ წელს და ვიყავი შოკში, როცა დავინახე, რომ ყველაფერი დაკეტილია. თუმცა, რამდენად იყო ეს კარანტინის ბრალი, ამაზე პასუხი არ მაქვს. ახლა, რამდენადაც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, მაღაზიებში დეფიციტი არ არის, გარეთ გადიან და ყიდულობენ პროდუქტებს. ქალაქი არის ძალიან მხნედ, ძირითადად ყველა ცდილობს, სახლიდან არ გამოვიდეს, გუშინაც ვრცელდებოდა კადრები ფანჯრებიდან მათი გამამხნევებელი შეძახილების. პანიკა არ იგრძნობა, უბრალოდ, ყველა ფრთხილობს“, - ამბობს ნინი.

 

ის ამჯერად არ მუშაობს, თუმცა, მიზეზი არა კარანტინი, არამედ დაწყებული არდადეგებია, რომელიც 3 თებერვალს მთავრდება. უბრალოდ, როგორც ამბობს, კარანტინის გამოცხადება და დასვენების დღეები ერთმანეთს დაემთხვა.

 

ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს უხანში მცხოვრებ სხვა ოთხ ქართველთანაც, მისი ცნობით, ოთხივე თავს კარგად გრძნობს და იზოლირებულები არიან.

 

ჯერ ნინისთვისაც უცნობია, რა მოხდება 3 თებერვლის შემდეგ, აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი და საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ჩინეთში ვირუსით უკვე 132 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 5974-ს შეადგენს. საქართველოს პარლამენტში კი დახურული შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განიხილება სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გამოიყვანონ ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი