logo_geo
რა სიმპტომები აქვს კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას? - რეკომენდაციები
- +

29 იანვარი. 2020. 17:05

 

 

 

2019 წლის დეკემბრიდან ჩინეთის ქალაქი უხანი ახალი ვირუსის კერად იქცა. ამ დროისათვის ჩინეთში ვირუსით უკვე 132 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ექიმია. ინფიცირებულთა რიცხვი კი, 5974-ს შეადგენს. ეპიდემიის მიზეზი გახდა ერთ-ერთი კორონავირუსი, რომელიც აქამდე ადამიანებში არ დაფიქსირებულა. ის თავიდან ჩინეთში აღმოაჩინეს, შემდეგ ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც.

 

საიდან გაჩნდა კორონავირუსი?

 

ჯერჯერობით უცნობია. დიდი ალბათობით, რომელიღაც ცხოველისგან გავრცელდა. სპეციალისტები ამ ეპიდემიას ქალაქ უხანში ზღვის პროდუქტების ბაზარს უკავშირებენ. პირველი პაციენტების უმრავლესობა სწორედ ამ ბაზრის მომხმარებელი ან გამყიდველი იყო. ზოგადად, კორონავირუსების მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქსირდება ადამიანებში. როგორც წესი, ვირუსის ეს სახეობა ცხოველებისთვის არის დამახასიათებელი.

 

კორონავირუსების ოჯახი გაციების შემთხვევების 10-15%-ზეა პასუხისმგებელი. თუმცა ზოგიერთი შტამი სერიოზულ პნევმონიას იწვევს.

 

მათ შორის არის:

 

- მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელსაც „ატიპურ პნევმონიასაც“ უწოდებენ. ამ დაავადების პირველი ეპიდემია 2002-2003 წლებში ჩინეთში დაფიქსირდა. მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა რამდენიმე ქვეყანა მოიცვა და ვირუსის შემთხვევების შემცირების მომენტისთვის (2003 წლის ზაფხული) დაავადებულთა თითქმის 10%-ი დაიღუპა.

 

- ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის პირველი დიაგნოზი საუდის არაბეთში, 2012 წელს დასვეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსს დაავადებული პაციენტების 35% ემსხვერპლა. მწვავე რესპირატორული სინდრომის მატარებლები და გამავრცელებლები ვივერები იგივე ციბეტები არიან.

 

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას?

 

საკმაოდ ჩვეულებრივი. როგორც პირველი პაციენტების გამოკვლევებმა აჩვენა, ძირითადად ეს არის ტემპერატურის მატება, ხველება, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, რენტგენოგრამაზე კი ფილტვებში არსებული ცვლილებები ფიქსირდება. ზოგიერთ პაციენტს ქოშინი და ჰაერის უკმარისობა აღენიშნება. არის დაავადების გართულების შემთხვევებიც.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს, თუ მას აღენიშნება:

 

- სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, ხველება და სხვ.) და ის ქალაქ უხანში სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ან მას, როგორც სპეციალისტს, მსგავს პაციენტებთან შეხება ჰქონდა;

 

- მწვავე რესპირატორული ინფექციის („გაციების“) სიმპტომები და მას ამ ნიშნების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც მოგვიანებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია ან მისი თანმხლები სიმპტომები გამოუვლინდა. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ადამიანი, რომელიც ქალაქ უხანის ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ბაზარში ან იმ სამედიცინო დაწესებულებაში იყო, სადაც კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

 

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ახალ ეპიდემიას. პანიკის დროა?

 

23 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის გავრცელებას საერთაშორისო მნიშვნელობის განსაკუთრებულ სიტუაციად არ მიიჩნევს. შესაძლოა, ეს პოზიცია მოგვიანებით შეიცვალოს, თუმცა, ჯერჯერობით ამ საკითხის განსახილველად მორიგი შეხვედრა ჩანიშნული არ არის.

 

ნებისმიერ შემთხვევაში იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, მიჩნეულია, რომ ამ მომენტისთვის რისკი დაბალია. თუმცა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი დადასტურებულია. ამავდროულად, ჯერჯერობით უცნობია, ეს პროცესი რამდენად აქტიურად მიმდინარეობს.

 

ამ დროისთვის უცნობია, რამდენად ხშირად იწვევს ეს დაავადება სიკვდილს. თუმცა, უნდა გასათვალისწინებელია, რომ პირველი 17 მსხვერპლის საშუალო ასაკი 75 წელია. ამ პაციენტების უმრავლესობას სხვა დაავადებაც ჰქონდა. ჩინეთი და სხვა ქვეყნები კი, მათ შორის საქართველოც, შესაბამის ზომებს იღებენ, რომ ვირუსი არ გავრცელდეს.

 

ეს მეთოდები ეფექტიანია?

 

რთული სათქმელია. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს აფერხებს:

 

- ადამიანები მოგზაურობენ და ამ ფაქტს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის;

- ადამიანები მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობენ და ამასაც არაფერი ეშველება;

- ადამიანებს, რომლებსაც ორგანიზმში უკვე აქვთ ვირუსი, შეიძლება შემოწმების დროისთვის არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეთ;

- ზოგიერთი მგზავრი ტემპერატურის დამწევ პრეპარატებს იღებს და შემოწმებასაც უპრობლემოდ გადის;

- ზოგიერთ ადამიანში ვირუსი ტემპერატურის მატებასა და სერიოზულ სიმპტომებს სულაც არ იწვევს. ამის გათვალისწინებით, მას შეუძლია ვირუსი სხვებს გადასცეს.

 

მიუხედავად ამისა, შემოწმება და აეროპორტში გაკრული პლაკატები, რომლებზეც საკონტაქტო ინფორმაციის თანხლებით დაავადების სიმპტომებია ჩამოთვლილი, ადამიანებს ეხმარება სწორი და შესაბამისი ნაბიჯი გადადგან.

 

და მაინც, რა უნდა გავაკეთო, რისკ-ჯგუფში რომ არ მოვხვდე?

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჩინეთში მოგზაურობისგან თავის შეკავება საჭირო სულაც არ არის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის რეკომენდაციით, ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში ვიზიტს უნდა მოერიდოთ. სწორედ აქ მდებარეობს ახალი კორონავირუსის ეპიცენტრი ქალაქი უხანი. ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება, თუმცა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება აუცილებელია.

 

ახალი ვირუსის გადაცემის ზუსტი გზა უცნობია. თუმცა, კორონავირუსის უფრო უკეთ შესწავლილი სახეობები ადამიანებს შორის ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

 

დღეისათვის ვირუსისგან თავის დაცვის რეკომენდაციები ასეთია:

 

- პროდუქტების ბაზარში ეცადეთ, რომ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს არ შეეხოთ. იგივე წესი ვრცელდება ქუჩის ცხოველებზე, ნაგავსა და სითხეზე.

- რეგულარულად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ საეჭვო ობიექტს შეეხეთ.

- დაუბანელი ხელით სახეს არ შეეხოთ, განსაკუთრებით კი - თვალებს, ცხვირსა და პირს.

- ხორცი და კვერცხი, წესების სრული დაცვით, შესაბამის ტემპერატურაზე მოამზადეთ.

- თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახველებენ ან აცემინებენ.

 

სამედიცინო დაწესებულებების გარეთ ნიღბების ტარება კი ინფექციისგან დაცვის ეფექტიან მეთოდებს სულაც არ მიეკუთვნება. თუ საეჭვო სიმპტომები შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს და ეცადეთ, სხვებსაც არ გადადოთ. რაც შეეხება ამანათებს ჩინეთიდან, მათი მიღება და თქვენ წარმოიდგინეთ, გახსნაც კი, უპრობლემოდ შეგიძლიათ. ისინი უსაფრთხოა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი