logo_geo
რუსეთი ჩინეთთან ახალი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად თანამშრომლობს
- +

29 იანვარი. 2020. 17:08

 

 

რუსეთმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან კორონავირუსის გენომი მიიღო და მასთან ერთობლივად მუშაობს ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე.

 

ამასობაში იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვი. ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა ახალი სახეობის კორონავირუსით (2019-nCoV). გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 132-ს მიაღწია.

 

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 29 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთ დღეში გამოვლენილია დაავადების 1459 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5974-ია. ეჭვი აქვთ ასევე, 3000-ზე მეტი პაციენტის მიმართ.

 

ჩინეთში ახალი სახეობის ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 2002-2003 წლებში გავრცელებული ვირუსით, SARS-ით ინფიცირებულების რაოდენობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში SARS-ით დაავადდა 5327 ადამიანი, მთელ მსოფლიოში კი 8000-ზე მეტი. ამ ვირუსმა 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

ახალი სახეობის კორონავირუსი(2019-nCoV) დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დადასტურებულია ათზე მეტ ქვეყანაში.

 

საერთო ჯამში 50-მდე შემთხვევა გამოვლენილია ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, სინგაპურში, აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

 

 

big_banner
არქივი