logo_geo
უკრაინელი დეპუტატი: რუსებმა იყიდეს ასამბლეა საშობაო ფასდაკლებით, 13 000 უკრაინელი მოკლეს - 5 ათასი თითო მოკლულისთვის
- +

30 იანვარი. 2020. 13:26

 

„რუსეთის ფედერაციამ 70 მილიონი გადაიხადა, კარგი ფასია სიკვდილის ლიცენზიისთვის და ისინი კვლავ კლავენ. ისინი კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, ბრიტანელებს სოლბერიში“, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ.

 

„გადახედეთ ამ დოკუმენტს, თქვენ მასში ვერ იპოვით ყირიმს, ვერ ნახავთ საქართველოს, მაგრამ ნახავთ დიდ „მიღწევას“, - რუსეთმა გადაუხადა ფული ევროსაბჭოს, აი, ამიტომაც არ ჩაწერეს ეს სიტყვები. ისინი ფიქრობენ, რომ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და უმნიშვნელოვანესი ღირებულებები. რუსეთის ფედერაციამ 70 მილიონი გადაიხადა, ძვირი არ არის. 25 მილიონი ადამიანის უფლებებისთვის, 25 მილიონი კანონის უზენაესობისთვის და 25 მილიონი დემოკრატიისთვის. როგორი ფასდაკლებაა, საშობაო ფასდაკლება. მათ 13 000 უკრაინელი მოკლეს - 5 ათასი თითო მოკლულისთვის. კარგი ფასია მკვლელობის ლიცენზიისთვის და ისინი კვლავ კლავენ. ისინი კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, ბრიტანელებს სოლბერიში, ჰოლანდიელებს და გასაკვირია, რომ ჰოლანდიელი პარლამენტარები აქ ასეთ რაღაცებს აძლევენ ხმას“, - განაცხადა გონჩარენკომ.

 

მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეის მიერ ბატონი ტოლსტოის არჩევა ვიცე-პრეზიდენტად „ძალიან სიმბოლურია“.

 

„გინდათ, გითხრათ, რა იქნება შემდეგ? ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენ, ასამბლეამ ბატონი ტოლსტოი ავირჩიეთ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ყოფილიყო. თქვენ იცით დიდი რუსი მწერალი, მართლაც დიდი მწერალი ლევ ტოლსტოი? ამ მწერალმა დიდებული რომანი, „ანა კარენინა“ დაწერა და ჩვენი ასამბლეაც, ისევე როგორც ანა კარენინა, ევროპულ ღირებულებებისა და რუსულ ფულს შორის არის მოქცეული და ისე ჩანს, რომ რუსული ფული იმარჯვებს და ჩვენც ანა კარენინასავით თავს ვიკლავთ და მატარებლის ან ავტობუსის ქვეშ ვწვებით. აი, ეს გვჭირს დღეს. არა როგორც რუსმა პროპაგანდისტმა ტოლსტოიმ, არამედ დიდებულმა რუსმა მწერალმა ტოლსტოიმ თქვა: „ჩვენ აქ ვართ, რომ ომის წინააღდეგ ვიბრძოლოთ და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ იმ მთავრობებზე, რომელთაც უდიდესი ფული აქვთ, მილიონობით შეიარაღება. ჩვენ ერთადერთი, ყველაზე ძლიერი იარაღი გვაქვს - სიმართლე“. ყველა თქვენგანმა, ვისაც მიაჩნია, რომ ეს სიმართლის იარაღი აქვს, ხმა მიეცით რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებების წინააღმდეგ“, - განაცხადა გონჩარენკომ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი