logo_geo
„არავის ენდობა, არ აღიარებს დანაშაულს, იტანს შიმშილს“ - უცნობი ფაქტები მერაბ კოსტავაზე
- +

31 იანვარი. 2020. 15:13

 

 

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ერთ პუბლიკაციად შეკრა მერაბ კოსტავას აქამდე უცნობი პირადი წერილები, ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები.

 

სამასგვერდიანი, ორენოვანი წიგნი თავად მერაბ კოსტავას ავტოპორტრეტით იწყება, მინიმალისტური, გრაფიკული ჩანახატით.

 

კონსერვატორიიდან ციხეში

 

სანამ დისიდენტობას გადაწყვეტდა, მერაბ კოსტავა პიანისტი იყო, რომელსაც პედაგოგები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, მერაბი ამ გზას არ გაჰყვა. უნდოდა, დისიდენტური საქმიანობისთვის მეტი დრო ჰქონოდა.

 

დისიდენტობა კი ბავშვობიდან დაიწყო, შესაბამისად დევნაც. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მათი რამდენიმე მეგობარი ქუჩებში პროკლამაციებს აკრავდნენ, რომლის ბოლოს ასეთი რამ ეწერა „რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის“.

 

„ხულიგნების ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი...“

 

ისინი სისტემას, სისტემა კი მათ გადაემტერა. წიგნში შესულია გაზეთ „კომუნისტში“ დაბეჭდილი სტატია „სარეველა“ - ხულიგნებზე, რომლებიც ყვავილნარს მოედვნენ და ყველას არცხვენენ, უპირველეს ყოვლისა კი, კონსტანტინე გამსახურდიას.

 

„ვის ბაძავს მწერლის შვილი? ნუთუ მასთან უფრო ახლოს არ უნდა იყვნენ თუნდაც ის დადებითი გმირები, რომლებიც მამამისის ნაწარმოებებში გვევლინება? რათ უნდა ჰბაძავდეს იგი წყეული წარსულის ხორცმეტებს იერემია წარბასა და ტარიელ მკლავაძეს?...

 

ამ ხულიგნების თავაშვებულობის გამო, ამას წინათ ქალაქის ერთ-ერთ ბაღში სისხლიც კი დაიღვარა. ჩვეულებრივ აყალმაყალს დანის ტრიალი მოჰყვა. დაიჭრა ხულიგნების ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი...“

 

 

 

მერაბის ახლობელი, რუსუდან ქუთათელაძე იხსენებს, როგორ მოძღვრავდა მეგობარს, პოლიტიკურ საქმიანობაზე ხელი რომ აეღებებინა:

 

„ცხადად მახსოვს ჩვენი საუბარი: „ბიჭო, დაბერდი, მთლად გაჭაღარავდი, ჭკუა კი არ გემატება. ვის ებრძვი? ვერ ხედავ, რა ძალაა?!... ამის ნაცვლად სჯობს მუსიკათმცოდნეობას მიხედო, წერო მუსიკაზე...“

 

ამ დიალოგიდან მეორე დღეს მერაბ კოსტავა მართლაც დააპატიმრეს. ის დაპატიმრებას ელოდა და წინასწარ ფიზიკურადაც კი ვარჯიშობდა, ყოველ დილას მამადავითზე ადიოდა ფეხით.

 

„მღერის საოპერო არიებს“

ბავშვობიდან მოყოლებული ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა რამდენჯერმე ჩასვეს ციხეში. საქმეში დევს გამომძიებლის მიერ დაწერილი მერაბის დახასიათება:

 

„კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს. ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია. შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა. სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრის დამშვიდება. არ აღიარებს დანაშაულს. დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67 კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად ან ბუნტის დროს“.

 

 

მერაბი თავდაპირველად რამდენიმე წლით იყო გადასახლებული. ციმბირში ყოფნისას მუდმივად თვალყურს ადევნებდნენ, ერთხელ მოკვლაც დაუპირეს. მაშინდელი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის ედუარდ შევარდნაძის სახელზე გაგზავნილ წერილში კოსტავა წერს:

 

„მოინდომეს, ერთი ქალის (რომლის გვარს არ დავასახელებ) დაყოლიება საჩივრის შეთხზვისათვის, რათა მოეყენებინათ გაუპატიურების მცდელობის მუხლი. მაგრამ მან უარი განუცხადა შემომთავაზებლებს. შემდგომ ამისა სხვა გზას დაადგნენ“...

 

ამ სხვა გზამ უკვე გაამართლა და კოსტავას მილიციის თანამშრომლის „ცემისთვის“ 5 წლით გაუგრძელეს პატიმრობა.

 

ციხიდან გამოსული დისიდენტი მაშინვე ეროვნულ მოძრაობას დაუბრუნდა. მის ეზოში,  მეტრო „რუსთაველის“ თავზე, შეხვედრები ოთხშაბათობით იმართებოდა.

 

ბოლოს მერაბ კოსტავა 9 აპრილის მოვლენების შემდეგ დააპატიმრეს, ამჯერად მცირე ხნით. თუმცა, საბჭოთა სისტემამ პატიმრობაში მყოფს ჯარიმაც კი დაუქვითა ხელფასიდან - 146 მანეთი და 10 კაპიკი.

 

დაკრძალვა

 

დღემდე არ ჩატარებული გამოძიება რომელიც ნათელს მოჰფენდა იმ ავარიის დეტალებს, რომელმაც მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე იმსხვერპლა. მერაბ კოსტავა სახლში გადაასვენეს, რუსუდან ქუთათელაძე იხსენებს, რომ გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად სახლთან რიგები დადგა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი