logo_geo
ვირუსი, რომლითაც რასიზმი გადადის
- +

1 თებერვალი. 2020. 14:01

 

ჩინელებს რომ გადაშენდნენ, არ უნდათ? რა უბედურებაა, ეგ გვაკლდა კიდე“...

„ჩინელები რომ გაგვეშვა ფაროსანებთან ბრძოლაში, არ ჯობდა? ისედაც ბევრნი არიან და თან უკვე მოშინაურებულები საქართველოში“...

„რო ამოიჟუჟონ ეს ჩინელები! მოუხდებათ გამოხშირვა ამ ფაროსანა ნაროდს!“...

და ა.შ.

ეს სოციალური ქსელიდან ამოკრეფილი პოსტებია. უმცირესი ნაწილი. ჩინეთიდან წამოსული ახალი სახეობის კორონავირუსის 2019-nCoV-ის გავრცელებასთან ერთად, საქართველოში და არა მარტო საქართველოში, აზიის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების მიმართ რასისტული, მტრული განწყობა სულ უფრო მატულობს.

 

21 წელია იუ ხუას საქართველოსთან მჭიდრო, საქმიანი კავშირი აქვს. ის საქართველოში ჩინეთის სავაჭრო პალატის გენერალური მდივანია. თბილისიდან მშობლიურ ქალაქ ჩენგდუში ცოტა ხნის წინ წავიდა. ახლა ის 23-მილიონიან ქალაქში, ცოლსა და შვილთან ერთად ცხოვრობს და მკაცრად იცავს ყველა იმ მითითებას, რასაც ჩინეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის მოქალაქეებისათვის გასცემს.

 

იუ ხუა „რადიო თავისუფლებას“ უყვება ჩინეთში შექმნილი ვითარების შესახებ და ამბობს, რომ ჩინელი ხალხისა და მეცნიერების მიდგომა ახალი ვირუსისადმი, მას აძლევს საფუძვლიან იმედს, რომ უახლოესი 20 დღის განმავლობაში ვირუსი უკან დახევას დაიწყებს. 

 

„გარდა იმისა, რომ მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაქმნელად, ჩვენ აღმოვაჩინეთ გზა, როგორ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. არ გაინძრე. დარჩი იქ, სადაც ხარ. მე ახლა სახლში ჩემს ცოლსა და შვილთან ერთად ვცხოვრობ. არ მივდივარ ჩემი მშობლების სანახავად, ჩემი ძმის სანახავად. არც ისინი მოდიან. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა, დავიცვათ საკუთარი თავიცა და ჩვენი ახლობლებიც ვირუსის გავრცელებისგან. თუკი გარეთ გვიწევს გასვლა, საყიდლებზე ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, სახლიდან გასვლის წინ ვიზომავთ სიცხეს. გარდა ამისა, აუცილებლად გვიკეთია პირბადეები. ჩვენ ყველა ამ მითითებას მკაცრად ვასრულებთ“, - ამბობს იუ ხუა.

 

იუ ხუა 15 დღეში კვლავ თბილისში დაბრუნებას გეგმავს. ის სოციალური ქსელით ადევნებს თვალყურს იმ განწყობებს, რაც კორონავირუსის გავრცელებასა და საზოგადოებაში მის გამო გაჩენილ შიშსა და, რიგ შემთხვევებში, დისკრიმინაციულ გამოვლინებებს უკავშირდება:

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებსა და ჩინეთს ბევრი ამხნევებს, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში მხვდება კომენტარები, მსუბუქად თუ ვიტყვი, არამეგობრული კომენტარები ჩინელების მისამართით. საქართველო ცნობილია თავისი სტუმარმასპინძლობის ტრადიციით. ამ ვირუსის ფონზე, ჩემთვის გასაგებია შიშის ფაქტორი. ხალხი წერს, არ შემოუშვათ ჩინელები საქართველოში, წავიდნენ ჩინელები საქართველოდან... გულდასაწყვეტია ამგვარი ფრაზების მოსმენა ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყნის წარმომადგენლებისგან, როგორიც საქართველოა. ყველას შეიძლება შეექმნას პრობლემა და ასეთ დროს, ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა განვუდგეთ, პირიქით, უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი. ახლა სიმშვიდის დროა. ჩვენ ახლა ძლიერები უნდა ვიყოთ და ერთმანეთი გავამხნევოთ. ჩემი პატივისცემა საქართველოსა და ქართველებს. ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვირუსმა უკან დაიხიოს და სხვა ქვეყნებში არ გავრცელდეს“, - ამბობს იუ ხუა..

 

ის, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად მსოფლიოში იმატა რასისტულმა განწყობებმა, ამის შესახებ აქტიურად წერს დასავლური მედიაც. მათ შორის, CNN, BBC, „The Guardian“. ისინი იტყობინებიან, რომ აზიელთა მიმართ მტრული განწყობა თვალშისაცემია. კრიტიკის ობიექტი ხდება თავად მედიაც.

 

„გასულ კვირაში ავტობუსში ავედი. როგორც კი დავჯექი, კაცი წამოხტა, სასწრაფოდ წამოკრიფა თავისი ნივთები და წავიდა... რამდენიმე დღის წინ ტრამვაით ვმგზავრობდი, ჩემ წინ მსხდომნი ხმამაღლა განიხილავდნენ შაბათ-კვირის გეგმებს. ერთ-ერთმა სერიოზული ხმით ურჩია დანარჩენს: „თქვენს ადგილას „ჩაინათაუნში“ არ წავიდოდი, მაგათ ხომ ის დაავადება აქვთ... შეშფოთებული ქალი ჰყვებოდა მეგობრის ამბავს, რომელიც ჩინელ სტუდენტებს ასწავლის და ახლა ძალიან შეშინებულია, იქნებ ის ვირუსი გადამედოო“, - ეს არის ნაწყვეტი ლონდონში მცხოვრები, მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრანტის, სემ ფანის სტატიიდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, თუმცა წარმოშობით ჩინეთიდანაა.  მისი სტატია „The Guardian“- ში 27 იანვარს გამოქვეყნდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი