logo_geo
კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
- +

4 თებერვალი. 2020. 16:45

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

 

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

 

შეხვედრაზე პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

 

პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

 

აშშ-ს ელჩმა პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

 

ამასთან, საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შეხვედრაზე გასული წლის ოქტომბერში აშშ-ში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

ელჩს ასევე მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), ინტერრელიგიურ საბჭოში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, თეა გოგოტიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი 21-ე საუკუნე“-ს გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გაჩეჩილაძემ.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

 

 

big_banner
არქივი