logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: კლინიკაში ორი ქალი რჩება და დიდი ალბათობით მათ კორონავირუსის ინფექცია არ აქვთ
- +

4 თებერვალი. 2020. 23:25

 

 

 

„ამჟამად კლინიკაში ორი ქალბატონი რჩება და დიდი ალბათობით მათ კორონავირუსის ინფექცია არ აქვთ“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მან ისაუბრა ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი იმ პაციენტების შესახებ, რომელთაც კორონავირუსზე უტარდებათ შემოწმება.

 

„ინფექციურ კლინიკაში სულ 10 პაციენტია დღემდე შემოსული და დღეს რჩება მხოლოდ 2 ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ჩინეთში ცხოვრობდნენ, ერთი 25, მეორე კი 29 წლისაა. ერთი თბილისში 28, ხოლო მეორე - 31 იანვარს ჩამოვიდა. არც ერთ მათგანს ჩამოსვლის მომენტში ტემპერატურა არ ჰქონია, ტემპერატურა არც აეროპორტში და არც სახლში არ დაფიქსირებულა. მათ დღეს აუწიათ ტემპერატურამ და კლინიკაში თავისით შემოვიდნენ. გამოკვლევით დადგინდა, რომ პნევმონია არ აქვთ, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აქვთ და საბოლოო პასუხი უნდა გადაწყდეს ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის ლაბორატორიული ტესტირებით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისივე თქმით, ორი პაციენტისგან აღებული ბიოლოგიური მასალაზე ჩატარებული დიაგნოსტიკის პასუხები უკვე ჩამოვიდა როტერდამიდან და აღნიშნულ შემთხვევაშიც პასუხი უარყოფითია.

 

„თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ ადრე 2 პაციენტიდან აღებული მასალა დიაგნოსტიკისთვის იყო როტერდამში გაგზავნილი, ისინი დღეს ჩამოვიდა და პასუხი უარყოფითია, ანუ, მათთან კორონავირუსით ინფექციის ეჭვიც კი მოიხსნა. კიდევ 4 პაციენტს აუღეს ანალიზი გამოსაკვლევად, ეს ტესტი უკვე თბილისში კეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ოთხიდან სამს ასევე უარყოფითი პასუხი დაუდასტურდა, ერთის პასუხი კი ხვალ იქნება. ასეთი სიტუაციაა, ამჟამად კლინიკაში ორი ქალბატონი რჩება და სავარაუდოდ, დიდი ალბათობით მათ კორონავირუსის ინფექცია არ აქვთ. როგორც კი ლაბორატორიული კვლევის პასუხი მოვა, ისინიც გაწერილები იქნებიან“, - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი