logo_geo
თბილისის მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს
- +

5 თებერვალი. 2020. 12:13

 

 

თბილისის მერია წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის შენობის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს.

 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

 

„წელს ვგეგმავთ ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებას. ეს არის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და კადეტთა კორპუსი. ახლახან მივიღეთ ორივე პროექტი და ფიზიკურ სამუშაოებზე ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ორივე პროექტის სამუშაოები გათვალისწინებულია 2020-2021 წლებში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძის განმარტებით,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში, მოწესრიგდება საინჟინრო ქსელები, გამაგრდება საყრდენი კედელი და საძირკველი, ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებულია მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე განახლდება კარ-ფანჯრები, რესტავრირდება დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადი, ასევე, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელდება ეზოში და სასახლის ისტორიულ ღობეებზე.

 

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 25 მლნ ლარია გამოყოფილი.

 

„რაც შეეხება კადეტთა კორპუსს, მოიხსნება დაზიანებული მონაკვეთები და იერსახის შენარჩუნებით, მოეწყობა აგურის კედლები, გამაგრდება საძირკველი და დანარჩენი კედლები. შიდა ეზოზე გამავალ ფასადზე გვიანი პერიოდის უსახური მინაშენების ნაცვლად, იმავე გაბარიტებში აშენდება შესაბამისი იერსახის მიშენება, ახლიდან მოეწყობა სხვენი და გადახურვა, ისე, რომ მისი ფორმა არ შეიცვლება. ასევე კეთილმოეწყობა ეზო, შეიცვლება ძველი სადრენაჟო და საკანალიზაციო ქსელები, შეიცვლება ასფალტის საფარი და ეზო გამწვანდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

მისივე ინფორმაციით, კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო პროექტის ბიუჯეტი 17 მლნ ლარია.

 

 

big_banner
არქივი