logo_geo
კარგი სიახლე ხათუნა ჟორდანიაზე - ფილტვში სიმსივნე დაპატარავდა
- +

13 თებერვალი. 2020. 12:14

 

 

რამდენიმე დღის წინ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში ყინწვისის მონასტრიდან ფოტოები დადო... „მოვილოცეთ, მამა ნეოფიტე და მამა ნაუმი ვნახეთო“, „პრაიმტაიმს“ უთხრა. მოგვიანებით, 9 თებერვალს, ხათუნას დაბადების დღის ფოტოები გაუზიარა საზოგადოებას.

 

უკვე ათი წელია, ტრადიციულად, ხათუნა თავის დაქალებთან ერთად აღნიშნავს დაბადების დღეს. „მე და ჩემი ცოლის დაქალები“, - ასე დაასათაურა ზურამ იუბილარი ცოლის სამეგობროს ფოტო.

 

ხათუნას დაბადების დღეს კონცერტიც დაემთხვა. რესტორანში - ნინი ქარსელაძე, „ქუჩის ბიჭები“ და მარიკა თხელიძე მღეროდნენ. მათთან ერთად იუბილარს უმღერეს ლელა წურწუმიამ და რუსა მორჩილაძემ.

 

„ნინის უყვარს სიურპრიზების მოწყობა, დედას ჰგავს. საღამოს მან გაუკეთა ორგანიზება. მეც მინდოდა, ლამაზი დღე გამოსულიყო. თამადა ვიყავი. იუბილარი კმაყოფილი დარჩა. ვარდებთან ერთად საჩუქარი მივართვი, მაგრამ არ გეტყვით - რა ვაჩუქე. ყველა ნასიამოვნები დარჩა, კარგი საღამო გამოვიდა“, – „პრაიმტაიმის“ მკითხველს თელ-ავივიდან უყვება ზურა.

 

ამჟამად ისრაელში ხათუნა გადასხმის მორიგ კურსს გადის. 15 თებერვალს კი ამ წყვილის სიყვარულის ისტორია 16 წელს  შეკრავს. ბევრი ეტაპი გაიარეს, დაკვირვების, დასკვნების, ჭორების, ავი ხმების...

 

„არავის განკითხვას არ დავიწყებ. მაგრამ მუდმივად ამბობდნენ - დღეს თუ ხვალ ეს ოჯახი დაინგრევაო... მაგრამ ყველაფერი კარგად არის. 16 წლის თავზე ჩვენ ისევ ერთად ვართ. ის განსაცდელი, რომელიც დღეს ჩვენს ოჯახშია, მოვერევით და ხათუნა გამოჯანმრთელდება. უფლის იმედი მაქვს. ხათუნა ძლიერია და მჯერა, ამ ვერაგ დაავადებას მალე დაამარცხებს. ძალა ნაპოვნი აქვს, კიდევ უფრო გამყარდება რწმენაში. შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ ულაპარაკია, მაგრამ ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ერთ-ერთია მონასტრის მშენებლობისთვის ჩატარებული ღონისძიება, უწმინდესის კურთხევით.  საგურამოს დედათა მონასტერში კელია აქვს გარემონტებული და მოწყობილი. დადის ეკლესიაში, ეზიარება. დავდივართ ძამას ხეობაში, ქარელში, ბერთან, მამა ნაუმისთან. ბევრმა იცის, რომ მას თავისი ლოცვით ბევრი ადამიანი ჰყავს განკურნებული, მათ შორის სიმსივნით დაავადებული. ის ხათუნას ლოცავს და ეუბნება, ძალიან მალე დაამარცხებ ამ სენსო... შაბათის ლოცვებზე ხშირად დადის მის უწმინდესობასთანაც“, - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

 

როგორც ზურამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, ხათუნას ფილტვში სიმსივნე ზომაში ძალიან დაპატარავებულია. რამდენიმე დღის წინ მამა ნაუმიმ ხათუნა დალოცა და ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ მასთან დაიბარა.

 

 

 

ზურა: რომ ჩამოხვალ, აუცილებლად მოდი ჩემთან და პასუხი მითხარი, ექიმები რას გეტყვიანო. ყინწვისის მონასტრის საძმოში ხშირად ჩავდივართ. ბევრი კარგი ბერი მოღვაწეობს იქ და გვერდში გვიდგას ამ დაავადების დასამარცხებლად. მადლობა მათ... საგურამოს დედათა მონასტერშიც დავდივართ.

 

განსაცდელი ყველა ადამიანის ცხოვრებაში მოდის. მზად უნდა დავხვდეთ და ღმერთთან ახლოს დავდგეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ რთულად არ მივიღოთ ეს მოვლენილი განსაცდელი. ის, რაც ხდება, იმისთვისაა, რომ უფალთან დავახლოვდეთ.

 

ბოლო თვეებია დიდ თანაგრძნობას ვგრძნობ საზოგადოებისგან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობ ვუთხრა ამ მხარდაჭერისთვის. ამდენი ადამიანის ლოცვას იმხელა ძალა აქვს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყველას და მათ შორის თქვენ - ჟურნალისტებს, ვინც ჩვენს მიმართ კეთილგანწობილია და მხარს გვიჭერთ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი