logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიცია პოლიტიკურ დეპრესიაშია, არ შემოდიან პარლამენტში, ქუჩის აქციებითაც ვერაფერს აკეთებენ
- +

19 თებერვალი. 2020. 11:27

 

 

ჩვენი ოპონენტები არჩევნებზე არ არიან კონცენტრირებულები, მათ უფრო მეტად არჩევნების მეორე დღე აინტერესებთ,“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, რათა ეკონომიკურად გაძლიერდეს, რაც ოპოზიციას კი სურს, ადამიანებში უიმედობის მუდმივი განცდა შექმნან.

„ჩვენი ოპონენტები არჩევნებზე არ არიან კონცენტრირებულები, მათ უფრო მეტად არჩევნების მეორე დღე აინტერესებთ. უნდა ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე, ვინაიდან ის, რასაც ახლა ვხედავთ, შემთხვევით არ ხდება. ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდის და ქმნის განცდას, თითქოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, თუმცა კლასიკური გაგებით არანაირი პოლიტიკური კრიზისი არაა. ისინი ცდილობენ დაძაბულობა შექმნან, თითქოს მათ შესწევთ ძალა, რომ პარლამენტის პიკეტირება მოახდინონ, ეს მათი სტრატეგიის ნაწილია. თუ 20 ივნისის მოვლენებს პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ წკიპზე იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ კრიზისის ინსპირირება არჩევნების შემდეგ სიტუაციის გამწვავებისკენაა მიმართული. პოლარიზაცია, დესტაბილიზაცია არ შედის ხელისუფლების ინტერესში. ნებისმიერ ხელისუფლებას და ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და მოსახლეობამ მეტი კეთილდღეობა მიიღოს. ეს არ აწყობს ჩვენს ოპონენტებს, ვინაიდან მათ სურთ, ადამიანებში დათესონ უიმედობა და დაძაბულობის მუდმივი განცდა შექმნან.

 

დღეს სერიოზული დებატები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში. ოპოზიციამ ჩიხური გზა აირჩია, რაც პირველ რიგში, არ წაადგება ქვეყანას. თუმცა ოპოზიციას არც აინტერესებს ქვეყანას რა წაადგება. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში როცა იყვნენ, მაშინაც არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა იყო ქვეყნის ინტერესები. საპარლამენტო ცხოვრება და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. ისინი არიან პოლიტიკურ დეპრესიაში, არ შემოდიან პარლამენტში, ქუჩის აქციებითაც ვერაფერს აკეთებენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი