logo_geo
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: ჩვენი საელჩო მუდმივ კონტაქტზე რჩება საქართველოს იმ მოქალაქესთან, ვინც რომში კორონავირუსზე მკურნალობს
- +

7 მარტი. 2020. 18:21

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რომის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ამჟამად დამაკმაყოფილებელია. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე იტალიის სხვა შესაბამის სტრუქტურებთან.

 

 

„იმ ქალბატონთან დაკავშირებით, რომელიც მკურნალობს რომის ერთ-ერთ კლინიკაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას გადის ისეთივე მეთოდით, როგორც იტალიის და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები. საელჩო 24-საათიან კომუნიკაციაშია ამ ადამიანთან. მივაწოდეთ შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთები. ასევე მუდმივად ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოკითხვა. საელჩო კომუნიკაციაშია არა მარტო მასთან,  არამედ კლინიკასთან და იტალიის სხვა შესაბამის სამსახურებთან. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით იტალიაში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს  ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ და ამ კუთხით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით,  როგორც გითხარით, ჩვენი მოქალაქეები და საელჩო მუდმივ კავშირზე არიან ერთმანეთთან , ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა მოქალაქეს აქვს სიმპტომები ან აღენიშნება ეს ვირუსი. ჯერჯერობით მდგომარეობა ამ კუთხით არის დამაკმაყოფილებელი. როგორც აღვნიშნე, მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან“, - აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

 

მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა,  თხოვნით მიმართა, რომ ყველა მათგანმა სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ მისამართზე გამოაგზავნონ მონაცემები. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს  ყურადღებას მიაქცევს და მიხედავს.

 

როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეჩერდა იტალიის რესპუბლიკასთან, მთავრობის გადაწყვეტილებითვე საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც უკან დასაბრუნებელი ბილეთები შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ გაუქმებულ რეისებზე, მათ დაბრუნებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. ​

 

 

big_banner
არქივი