logo_geo
როგორ ახასიათებს თენგიზ ცერცვაძე საკუთარ თავს და რა მავნე ჩვევა ჰქონდა მას ახალგაზრდობაში
- +

16 მარტი. 2020. 14:36

 

 

„იმედის დილის“ რუბრიკის „პირადი ნივთების“ დღევანდელი სტუმარი საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი თენგიზ ცერცვაძეა.

 

მედიკოსმა მის საყვარელ პირად ნივთებზე საუბრისას, ოჯახი და სამედიცინო დარგში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა.

 

როგორც გადაცემიდან ირკვევა, თენგიზ ცერცვაძის საყვარელი პერსონაჟი დონ კიხოტია, ხოლო ხელოვნებაში მისი საყვარელი დარგი ბალეტი და კლასიკური მუსიკა.

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მისთვის მთავარი ადამიანური ღირებულება პატიოსნება, სიყვარული, მეგობრობა და ღირსებაა.

 

რაც შეეხება მავნე ჩვევებს, ცერცვაძე ამბობს, რომ ახალგაზრდობაში ბანქოს თამაშით იყო გატაცებული და მანამდე ჩამოაშორეს საეჭვო რეპუტაციის პირებს, სანამ სავალალო შედეგი დადგებოდა.

 

თენგიზ ცერცვაძემ საკუთარი თავი ასე დაახასიათა: ეს არის ნიჭიერი ადამიანი, სამსახურზე ფანატიკურად შეყვარებული და თავდადებული. ახალგაზრდების დიდი მოყვარული და მათი ხელშემწყობი, 30-ზე მეტი ახალგაზრდა უშუალოდ ჩემი ხელშეწყობით გაგზავნილია ამერიკის და ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში, მაგრამ არის ცვალებადი ხასიათის და ცოტა ახირებული კაცი.

 

ცერცვაძე ამბობს, რომ ის ძალიან ჰგავს ექიმ ჰაუსს და მასსავით უჟმურია.

 

მედიკოსმა გადაცემაში მის მასწავლებლებს, მეუღლესა და ახალგაზრდა კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

 

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მასწავლებლებს, ჩვენს კოლექტივს, მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უშუალოდ ჩემს გარემოცვაში არიან და მეხმარებიან, რომ არ ჩამოვრჩე პროგრესს და ბოლოს დიდი მადლობა ჩემს შესანიშნავ მეუღლეს, რომელმაც მაჩუქა დიდი სიყვარული, სათნოება და რომელიც ასე დაუყვედრებლად ითმენს ჩემს დაავებულობას“, - ამბობს ცერცვაძე რუბრიკაში „პირადი ნივთები“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი