logo_geo
17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა
- +

17 მარტი. 2020. 00:51

 

 

1959 წლის 17 მარტს გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიუხედავად ასეთი აღსასრულისა, უდიდესი პოეტის გარდაცვალება ხალხს არ აღუქვამს ტრაგედიად. ამის მიზეზი თავად გარდაცვლილი იყო. უფრო ზუსტად მისი სიდიადე და ძალმოსილება. ვერავის წარმოედგინა და ვერც ვერვინ ბედავდა "ლურჯა ცხენების" ავტორის მიერ გადადგმული ნაბიჯის ჩვეულებრივი, მიწიერი საზომით განსჯას. ჯადოსნური სიტყვების მაგიური ზემოქმედებით მონუსხულ მკითხველს მართლაც სჯეროდა, რომ მისი ცხოვრების გზა "სიზმარი და შორეული ცის სილაჟვარდე" იყო. სიზმარში კი ვინ ჩაერეოდა, მითუმეტეს, რომ თავად

 

 

იმუქრებოდასავით: "მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს"-ო. დღემდე ირწმუნება მისი უახლოესი ნათესავი - ავად იყო, ეს ნაბიჯი გაუაზრებლად გადადგაო. ირწმუნება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მისი არავის სჯერა. ან კი როგორ შეიძლება იმის დაჯერება, რომ პოეტური ხილვების, სახეების, სიმბოლოების, საერთოდ, ყოველივე ლამაზისა და ამაღლებულის მბრძანებელმა, რაც კი ამქვეყნად არსებობს, საკუთარი გარდაცვალების "სცენა" გაუაზრებლად და მისდაუნებურად "დადგა"?!

 

 

თვითმხილველები ყვებიან, - კუბოში მწოლიარე თავისი ნამდვილი სახით წარმოგვიდგაო. რაღაც, საუცრად დიდებულად, მეფურად გამოიყურებოდა თურმე.

 

 

ამით ხაზს უსვამდნენ, რომ პოეტს მიწიერი ცხოვრების ვნებები ჩრდილავდა, ამძიმებდა. მართლაც, უკვე გამოქვეყნებულია გალაქტიონის არქივი, ყოველდღიური ყოფითი ხასიათის ჩანაწერები, წარმოუდგენლად მიწიერი, დღიური პრობლემებით, გაწამაწიით გაჯერებული. ნაღვლობს, რომ არა აქვს პალტო, კმაყოფილია, რომ დაკემსა წინდები, ცდილობს არაფერი "დააშავოს", რომ წიგნი დროულად გამოსცეს, რომ საღამო არ ჩაეშალოს… ხანდახან მაინც ვერ ითმენს და კაცს, რომელსაც სურს ორფეოსი  "საბჭოთა ლიტმუშაკად" აქციოს, უყვირის: "მხეცო, მხეცო, ვის უბედავ მაგას!"

 

 

მიწიერ ცხოვრებაში ერთადერთ შვებას  თბილისის ქუჩებში ხეტიალი და ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჰგვრის. ახალგაზრდებს  მისი პოეზიის ყველაზე უკეთ შეგრძნების უნარიც შესწევთ და ემოციების გამოხატვასაც არ ერიდებიან. ადიდებენ, ეთაყვანებიან და ისიც "თვისი დიდებით მთვრალი" ბედნიერია, სულს ითქვამს.

 

 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ინახება გალაკტიონ ტაბიძის ტვინი. ყოველ შემთხვევაში, 30 წლის წინ ის ნამდვილად იქ იყო. სტუდენტს, რომელმაც იგი იხილა, ვკითხე - როგორია, ეტყობა, რომ გენიალური ადამიანისაა-მეთქი. კიო, რაღაცნაირიაო - მიპასუხა. მართლაც, შუძლებელია იმის დაჯერება, რომ "მთაწმინდის მთვარეს", ანდა "ლურჯა ცხენებს" შეიძლება ჰქონოდა "შავი" ვერსიები, ანუ გალაქტიონს პირდაპირ ღმერთმა კი არ უკარნახა საბოლოო ვარიანტები, არამედ "ბაჯაღლო" ჯერ კიდევ ჩამოუქნელი და ბუნდოვანი პოეტური სახის მრავალგზის დამუშავებისა და დაწმენდის შედეგად მიიღო. და თუ ასე იყო, დაუჯერებელია, რომ პოეტი ამას "ჩვეულებრივი," ყველასნაირი ტვინით ახერხებდა.

 

 

ერთი კაცის (ჩემი ნათესავის) მონათხრობიც ვიცი, რომელიც შემთხვევით შეესწრო გალაქტიონის მიერ ლექსის წერის პროცესს. ყვებოდა: "სავადმყოფოში ვიწექით ერთ პალატაში. ღამე მისმა ბუტბუტმა გამომაღვიძა. ოთახში წინ და უკან დადიოდა და ლექსის სტრიქონებს იმეორებდა. დაამატებდა რამდენიმე სიტყვას და ისევ თავიდან დაიწყებდა კითხვას. ასე, ცალკეული სიტყვებისა და ფრაზების დამატებით გამოჰყავდა ლექსი. მე რაღა დამაძინებდა, ვიწექი და ვუთვალთვალებდი. ერთხელაც, თავიდან დაიწყო ლექსის კითხვა და სადღაც შუაში შეჩერდა. აშკარა იყო, რომ დაავიწყდა უკვე დაწერილი სტრიქონები, რომლებიც მანამდე იმდენჯერ ჰქონდა გამეორებული, რომ მე ზეპირად მქონდა დამახსოვრებული. გავბედე და ვუკარნახე. ვერ წარმოიდგენ, როგორი მადლიერი დამრჩა და რამდენი მადლობა მიხადა."

 

 

თემურ ჩხეიძე იხსენებს, რომ მისი ბავშვობისას მათ ოჯახში ხშირად დაიარებოდა გალაკტიონი. მის გარდა ოჯახში სხვა უამრავი დიდი ხელოვანი იყრიდა თავს (მაშინ მართლაც ბევრნი იყვნენ), მაგრამ მხოლოდ გალაქტიონზე იცოდა ბავშვმა, რომ ეს წვერმოშვებული კაცი იყო გენიოსი, წიგნებში წაკითხული კი არა, არამედ ნამდვილი, ცოცხალი გენიოსი.

 

 

კონსტანტინე გამსახურდია, პოეტისადმი მიძღვნილ გამოსათხოვარ წერილში ამბობს, რომ შუაღამეს, გამოღვიძებულს, ხშირად მოლანდებია გალაქტიონი. უცნაური აღიარებაა, მხოლოდ არა გალაკტიონის მისამართით.

 

 

აბდაუბდა ნაწერი გამომივიდა, გალაქტიონი "იმხელაა" და "იმდენი," რომ მიჭირს...

 

 

ერთ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ და ამით დავასრულებ: თბილისში უამრავი გამოჩენილი ადამიანის, მათ შორის, პოეტის ძეგლი დგას. თავის დროზე, როდესაც მათ დგამდნენ, იმ გარემოსაც ითვალისწინებდნენ, სადაც უნდა დაედგათ ისინი. დღეს ქალაქში უამრავი ახალი მშენებლობაა, რის შედეგადაც ხშირად იცვლება ამა თუ იმ ძეგლის ირგვლივ არსებული ფონი და ისინი ძველებურად ლამაზად აღარ გამოიყურებიან. ასე მოხდა რუსთაველის შემთხვევაში, როდესაც მონუმენტიდან სულ რამდენიმე მეტრში "მაკდონალდსის" უზარმაზარი შენობა დადგეს. არც სხვა ძეგლებს დადგომიათ უკეთესი დღე. მათ შორისაც, გალაკტიონი, განსაკუთრებულად დაზარალდა. რა არ აუშენეს და ჩაუდგეს ირგვლივ. იქნებ, იმ ლაბორატორიაში შენახული პოეტის ტვინისა არ იყოს, განწყობილი ვარ ასე და მეჩვენება: გალაკტიონი ვერაფერმა "დააუშნოვა," გარემო მასზე ვერ მოქმედებს, მას რომ უყურებ, სხვას ვეღარაფერს აღიქვამ, ნებისმიერ ფონზე "ქაჩავს."

 

 

ლადო გოგუაძე (სპეციალურად საიტისთვის)

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი