logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ახლა დადგა დრო, როდესაც იმდენი ადამიანი იქნება გამოსაკვლევი, რომ თუნდაც 5 ან 10 დაწესებულება ამას ვერ აუვა
- +

19 მარტი. 2020. 00:57

 

 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა მასობრივი ტესტირება, რომელიც მეოთხეული გადაცემის პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ეპიდემიის მასშტაბების შეზღუდვისთვის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, აქამდე ტესტირება მხოლოდ ლუგარის ცენტრში ტარდებოდა, შემდეგ კი მას კიდევ რამდენიმე დაწესებულება დაემატა.

 

„ამ სპეციალიზებული დაწესებულებების შესაძლებლობები იყო შეზღუდული და იკვლევდნენ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც აღენიშნებოდა სიმპტომები და ბოლო 14 დღის მანძილზე იმოგზაურეს მაღალი რისკის ქვეყნებში, ან კონტაქტი ჰქონდათ იქიდან ჩამოსულ ადამიანებთან. მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც იმდენი ადამიანი იქნება გამოსაკვლევი, რომ თუნდაც 5 ან 10 დაწესებულება ამას ვერ აუვა. ამ მასობრივი ტესტირების საშუალება, თან გამარტივებული მეთოდებით, ძალიან ბევრ ლაბორატორიას, მათ შორის კერძოებს მიეცემა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მისი თქმით, სწრაფი და გაფართოებული ტესტირების დროს, გამოყენებული იქნება სწრაფი, მარტივი ტესტები, რაც საშუალებას მოგვცემს, ვისაც აქვს რაღაც სიმპტომი, ყველამ ჩაიტაროს გამოკვლევები.

 

„შეიძლება ავად გახდეს ადამიანი, რომელმაც არ იცის, ვისთან იყო კონტაქტში და ასეთ პირებს რომ შეუზღუდავად ექნებათ ტესტირების შესაძლებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ასევე შეუზღუდავად იქნება გამოვლენილი ყველა პაციენტი და არა მარტო ის, ვინც რისკის ჯგუფს განეკუთნება. ყველა მათგანი მოთავსდება სტაციონარში, ან მათი ნაწილი გაივლის ბინაზე მკურნალობას. ეს შეზღუდავს ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

საქართველოში კორონა ვირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი