"მკურნალი" კვლავ გთავაზობთ საერთაშორისო რეკომენდაციებს კორონა ვირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად.
სამეცნიერო კვლევებით უკვე დადგენილია, რომ კორონავირუსი სხვადსხვა საგნის ზედაპირებზე მოხვედრისას რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ცოცხლობს.
ამჯერად იმ ნივთების დასუფთავება-დეზინფიცირებაზე ვისაუბრებთ, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს:
ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს და დეზინფიცირდეს ისეთი საგნების ზედაპირები, რომელთაც ხშირად ვეხებით, ესენია:
მაგიდა,
კარის სახელურები,
საკეტები,
დენის ჩამრთველები,
სამზარეულოს დახლ-მაგიდის ზედაპირები,
ტელეფონები,
კლავიატურა,
უნიტაზი,
ონკანის სახელური,
ნიჟარა.
თუ საგნის ზედაპირი ჭუჭყიანია, გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით ან საპნიანი წყლით.
ხსნარები დეზინფექციისთვის:
გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარები, რომლებიც მოწოდებული ზედაპირის დასამუშავებლად. მათი შეძენა შეგიძლიათ მარკეტებში.
ხსნარის თავად დასამზადებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი სითხე, ამისთვის:
1 ლიტრ წყალს უნდა შეურიოთ 1 სუფრის კოვზი მათეთრებელი.
აუცილებლად შეამოწმეთ სადეზინფექციო საშუალების და მათეთრებლის გამოყენების ვადა, რადგან ვადის გასვლის შემდეგ ისინი არაეფექტურია.
ასევე მნიშვნელოვანია ხსნარის კონცენტრაცია - თუ მათეთრებელს ნაკლები რაოდენობით აიღებთ, ხსნარი არაეფექტური იქნება.
ალკოჰოლის შემცველი ხსნარები:
სადეზინფექციოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტიანი ხსნარებიც.
დარწმუნდით, რომ სპირტში ალკოჰოლის შემცველობა 70%-ზე მეტია. უმჯობესია გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი.
ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებისას ზუსტად დავიცვათ ის წესები, რაც მათ ინსტრუქციაშია მითითებული, კერძოდ, კონცენტრაცია ხსნარის მომზადებისას, ზედაპირზე დატანის მეთოდი, გაჩერების ხანგრძლივობა და ა.შ.