logo_geo
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს
- +

21 მარტი. 2020. 01:02

 

2020 წლის 17 თებერვლიდან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების პარალიზებამ და მოსახლეობის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეყვანამ, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ რთული მდგომარეობის წინაშე დააყენა.

 

კომპანია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორია და რომლის პროდუქციის რეალიზაციაზე ქვეყნაში შემომავალი სავალუტო ნაკადები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ფინანსური ტვირთის შემსუბუქებისა და საწარმოო რესურსების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, იძულებული ხდება გარკვეულ ზომებს მიმართოს.

 

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, იძულებით გაჩერებულ საწარმოო ობიექტებზე დასაქმებულებმა თებერვლის თვის შრომის ანაზღაურება სრულად მიიღეს.

 

2020 წლის 1 მარტიდან, 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდში, საწარმოსა და დასაქმებულთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული იძულებითი მოცდენის პერიოდს, კომპანია 60%-ით, ან დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე 100%-ით აანაზღაურებს, ხოლო 20 მარტიდან აპრილის თვის ბოლომდე შესაძლო იძულებითი მოცდენა, კომპანიის მიერ 60%-ით ანაზღაურდება. აღნიშნული ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან მოსახლეობის მიერ ბლოკირებულ ობიექტებზე.

 

ამავდროულად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს სრულად უნარჩუნებს ჯანმრთელობის დაზღვევას. აღნიშნული ზომები, კომპანიის ნების საწინააღმდეგოა, თუმცა შექმნილ ვითარებაში იმ შესაძლო მაქსიმუმს წარმოადგენს, რისი აღებაც კომპანიას საკუთარ თავზე, თავისი პასუხისმგებლობის სრულად გათავისებით შეუძლია.

 

big_banner
არქივი