logo_geo
როგორ აღარ დავაბინძუროთ ვირუსისგან „გაწმენდილი“ გარემო – სპეციალისტების აზრი
- +

22 მარტი. 2020. 00:45

 

 

ყველა ამბავს ხომ ორი მხარე აქვს… კორონა ვირუსმაც მოგვიტანა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე – ბუნებამ დაისვენა. მთელ მსოფლიოში, მათ შორის თბილისშიც, ჰაერი გაიწმინდა, ქალაქის ქუჩები უფრო სუფთა გახდა, მდინარეებში თევზები გამოჩნდნენ, ზოგან შორიახლოს მობინადრე ცხოველებიც ესტუმრნენ ქალაქს. თბილისის თავზე კი გაქრა ის სქელი, შავი ნისლი, რომელსაც ასე მივეჩვიეთ.

 

გადაივლის პანდემია და მსოფლიოს სხვა ქალაქების მსგავსად, ჩვენი დედაქალაქიც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს: ავტომობილების გამონაბოლქვი მოიმატეს, მშენებლობები განახლდება და ბუნება, რომელიც ცოტა ხნით უკან „დაგვიბრუნდა“, კვლავ „გაგვექცევა“.

 

ჰაერის სისუფთავის ამჟამინდელ ხარისხს რომ ვერ შევინარჩუნებთ, ეს ბუნებრივია, თუმცა შეგვიძლია თუ არა იმის გაკეთება, რომ ისე კატასტროფულად არ გავზარდოთ ეკოლოგიის დაბინძურების მაჩვენებელი, როგორც ეს აქამდე იყო? როგორ უნდა მოვახერხოთ ეს თბილისში?

 

-იმისთვის, რომ გვქონდეს უკეთესი გარემო, საზოგადოებამ მხედველობაში უნდა მიიღოს შექმნილი ვითარება და იზრუნოს მის გამოსწორებაზე. კერძოდ, ეს ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურად გამოყენებას, რამაც უნდა შეამციროს კერძო პირების მიერ ტრანსპორტით სარგებლობა. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს გაჩერებებს შორის მანძილი, რომელიც ჩვენთან ძალიან მცირეა, რაც უამრავ პრობლემას ქმნის. ამასთანავე, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ფეხით გადაადგილებას, რაც გაცილებით სასარგებლოა როგორც ქალაქისთვის, ისე მოსახლეობისთვის. მაგალითისთვის, მთელი ლონდონი და პარიზი ფეხით მოძრაობს, რადგან აქ საკმაოდ ცუდ ტონად აღიქმება, როდესაც ადამიანს მცირე მანძილი აქვს დასაფარი და ის ამისთვის კერძო ტრანსპორტს იყენებს. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ამ მიმართულებით შექმნილი პრობლემების გადაჭრას ვაპირებთ, აუცილებელია, რომ ფეხი ავუწყოთ ზემოხსენებულ ტენდენციებს.

 

-მერიამ უნდა გააკეთოს ის, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა და არ აკეთებდა. ეს გულისხმობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, გამრავლებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ზრუნვას. სამწუხაროდ, მე არ მგონია, რომ ჰაერის დაბინძურების კუთხით ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან ამასთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემას წარმოადგენს მშენებლობები და გამწვანებული ზონების შემცირება. ამ პირობებში, როდესაც კორონა ვირუსისგან გამოწვეული მდგომარეობის გამო, ლამის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, ერთი წუთით არ წყდება ქალაქში მშენებლობები და მათზე ნებართვების გაცემა. ჩემი საცხოვრებლის გარშემო, ნუცუბიძის კვარტალში, იმ ზონაზე სადაც მწვანე საფარი იყო, ზუსტად ამ დღეებში დაიწყო ახალი მშენებლობებისთვის მიწის თხრის სამუშაოები. ვსაუბრობ ნუცუბიძის მესამე კვარტლის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარგი იქნება, მერია ამ საკითხით თუ დაინტერესდება. ეს ყველაფერი ხდება იმ ვითარებაში, როდესაც არც სამშენებლო ნებართვის ბანერი აქვთ, არც შესაბამისი სამოსი აცვიათ მუშებს, არიან უცხოელები, რომლებიც ჩემთვის უცნობ ენაზე საუბრობენ და არავინ იცის, რამდენად უსაფრთხო ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და ამ ამბავს მომკითხავი არ ჰყავს.

 

-კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, რომლებმაც, პრაქტიკულად, მთელი დედამიწა ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანა და სერიოზული ძვრებიც გამოიწვია, ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი, პროცესების გეგმაზომიერი და გააზრებული მართვა. დღეს, მისი აქტუალობიდან გამომდინარე, სამედიცინო სფეროს სხვადასხვაგვარი მენეჯმენტის შედეგებს ვხედავთ, თუმცა ეს ყველა სხვა სფეროს, მათ შორის, გარემოს დაცვის სწორი მენეჯმენტის მნიშვნელობასაც ნათლად გვიჩვენებს.

 

მთელმა მსოფლიომ იგრძნო, თუ როგორ ამოისუნთქა დედამიწამ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა, ჩვენი საქმიანობით, მასზე ზეწოლა შევამცირეთ. მინდა ერთგვარი შედარება გავაკეთო და ავღნიშნო, რომ სწორედ ისეთი მიდგომებია საჭირო ეკოსისტემის დასაცავად, როგორსაც ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლისას იყენებს. სწორედ ასეთი გაბედული, გაწონასწორებული და რაც მთავარია, კვალიფიციური ნაბიჯებითაა შესაძლებელი, ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემებთან გამკლავებაც, რომელსაც ადამიანებისთვის კორონა ვირუსზე ბევრად მეტი ზიანი მოაქვს. საქართველომ, დღემდე, სწორი მენეჯმენტით შეძლო, ნაკლები ზიანით გამკლავებოდა ვირუსის მასობრივ გავრცელებას და ეს მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაზე უკეთ განახორციელა. როგორც სახელმწიფოს როლია დღეისათვის განუსაზღვრელი, საშიშ პანდემიასთან ბრძოლაში, ზუსტად ასევე უმთავრესია თბილისის მერიის როლი ქალაქში არსებული გარემოს დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კარგად გათვლილი და ხშირად, საკმაოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შეძლებს თბილისის მერია, წინ აღუდგეს იმ გამოწვევებს, რომლებიც მრავლადაა თბილისის შემთხვევაში. ეს ყველაფერი კი კარგად გააზრებული სამოქმედო გეგმითა და იმ სტრატეგიული დოკუმენტების მკაცრად დაცვისა და განხორციელების შედეგად მიიღწევა, რომლებიც ქალაქის ხელმძღვანელობამ ან უკვე მიიღო ან ახლა ამუშავებს. პირველ რიგში, ეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა, რომლის მიზანიც ქალაქში არსებული მძიმე პრობლემების გადაწყვეტაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მწვანე სივრცეების თუ ქაოსური მშენებლობების კუთხით. სწორედ გენგეგმის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავებული სწორი მენეჯმენტით უნდა ვებრძოლოთ იმ კოლაფსს, რომელშიც თბილისი აღმოჩნდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

 

ამ დღეებში, როცა ქალაქის ქუჩებს ავტომობილები გამოაკლდა, ისიც კარგად გამოჩნდა, თუ რამხელა ზიანს აყენებენ ისინი გარემოს. დღეს, თბილისის თავზე, ცასაც კი გაცილებით ლურჯი ფერი აქვს, ვიდრე აქამდე იყო.

 

ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ მერიის უმთავრესი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მოამარაგოს ქალაქი საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების საჭირო რაოდენობით და შემდეგ კერძო ავტომობილების მფლობელებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადმოსხდომის სრულყოფილი საშუალება მისცეს.

 

რაც შეგვეხება ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრქტურული პროექტები, ყოველთვის იქნება რაღაც, რაც ჩვენში დისკომფორტს იწვევს, თუმცა მისი ატანა ისევე აუცილებელია, როგორც დღეს, უსაფრთხოების მიზნით, სახლში ყოფნა და ეპიდემიის შეჩერებაში ამგვარი მონაწილეობის მიღება.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით და ქალაქის ხელმძღვანელობა უმნიშვნელოვანესი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას გააგრძელებს, შეწინააღმდეგებისა და წუწუნის ნაცვლად, სჯობს  სოლიდარობა გამოვუცხადოთ და მივიღოთ ეს, როგორც აუცილებელი მოცემულობა. თავად ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, უნდა მივხვდეთ, რომ თუ ჩვენ და ჩვენს შვილებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება გვინდა, სულ სხვანაირი წესებით უნდა დავიწყოთ ცხოვრება, წესებით, რომელთა მიხედვითაც ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ და არა მხოლოდ კერძო მესაკუთრეები, ჩვენი კერძო ინტერესებითა და მოთხოვნებით.

 

-ჩვენი ქცევა გარემოს მიმართ არ უნდა იყოს დამოკიდებული ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის კორონავირუსი ან სხვა ტიპის დაავადება. მსგავსი მოვლენა კი არ უნდა გვაიძულებდეს, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ კერძო ტრანსპორტი, ეს უნდა იყოს ჩვენი ზოგადი სტანდარტი, რაშიც დიდი როლს ასრულებს ის, თუ რა აქცენტები კეთდება ამ მიმართულებით. ვგულისხმობ როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, საბაგიროებს, ველობილიკების მოწყობას, ავტომობილის გაზიარების სისტემას, ფეხით გადაადგილებას და ა.შ.  აუცილებელია ამ ყოველივეს წახალისება, რადგან ფაქტია, რომ ამ ვითარებაში ქუჩაში კერძო ავტომობილების შემცირება აშკარად იძლევა ეფექტს, რაც ამცირებს სუნსა და დაბინძურებას. იმისთვის, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ ამ ტენდენციის მიღების სურვილი, აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს გამართული და კომფორტული. ამასთანავე, სისტემა იმგვარად უნდა გადაეწყოს, რომ მეტად გამოვიყენოთ ტრანსპორტი, რომელიც ნაკლებ ზეწოლას ახდენს გარემოზე და გაცილებით სასარგებლოა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი