logo_geo
ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის პირველი მფლობელი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია გახდა
- +

31 მარტი. 2020. 13:27

 

 

31 მარტს, საქართველოს  რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას   დაბადების დღეს,  მისი  სახელობის პრემიის პირველი  ლაურეატი გამოვლინდა.

 

პრემია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს, ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური  კვლევების  მიმართულების  ხელმძღვანელს,   პროფესორ დავით ყოლბაიას მიენიჭა.

 

„დღეს ჩვენი უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოღვაწის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ასევე, მისი თაოსნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის წლისთავს აღვნიშნავთ.

2019 წელს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად საქართველოს მთავრობამ დააწესა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის. პრემია, რომელიც ყოველწლიურად   სწორედ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს გაიცემა, მოიცავს კვლევებს საქართველოს შესახებ ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიის, კულტურის, ხელოვნების მიმართულებებით.

 

ვულოცავთ ბატონ დავითს და მადლობას ვუხდით იმ შრომისათვის, რასაც იგი ქართველოლოგიის განვითარებისათვის, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი რეპუტაციის განმტკიცებისათვის ეწევა“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

 

2019 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად  დაწესდა  ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია  ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის,  რომელიც  ყოველწლიურად   სწორედ ზვიად  გამსახურდიას დაბადების დღეს,  31 მარტს გაიცემა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-მა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ჩაატარა, რომლის    მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

 

საკონკურსო კომისიის  წევრები  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო ინსტიტუტების  აკადემიური, სამეცნიერო  პერსონალის წარმომადგენლები, ქართველოლოგიის მიმართულებით მოღვაწე   ცნობილი მეცნიერები  იყვნენ.

 

გამარჯვებულს გადაეცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელი, სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო 8000 ლარის ოდენობით.

 

 

big_banner
არქივი