logo_geo
„ვნანობ, რომ ამ კლიპში ვმონაწილეობ” – რაში იდანაშაულებს თავს სოფო ხალვაში
- +

10 აპრილი. 2020. 21:39

 

 

კლიპმა, რომლის პრემიერაც 9 აპრილს გია ჯაჯანიძის შოუში შედგა, ერი ძველ, ჩვეულ ფორმაში დააბრუნა და იმ დონეზე გაახურა, რომ ეპიდემიისგან მიძინებული ფანტაზიები გაეხსნა. ლანძღვაც გაიხსენეს, კბენის ფორმებიც.

 

 

საქმე შემდეგში გახლავთ: სოფო ბედიამ დარაზმა კოლეგები, ეპიდემიისგან დასტრესილი ხალხი გავამხნევოთ და ვუმღეროთო. კაკი ბოლქვაძემ (ის, ვინც ამ კლიპში პირველ ფრაზას მღერის) სიმღერა დაწერა, ნანა ცინცაძემ – ტექსტი, მომღერლებმა სახლებში იმღერეს და ვიდეოები გადაიღეს. საბოლოოდ მიიღეს ის, რაც მიიღეს.

 

 კლიპში მომღერალი კოლეგები გიორგი სუხიტაშვილმა ასე დაარიგა:

 

 ამ ვიდეომ გვაჩვენა ის, რომ რიგი ადამიანები, ვერ ხვდებიან სად არიან, რომელი წელია, რა მოთხოვნები აქვს ქვეყანას, რა არის ხარისხი, ვის უნდა მიანდო ასეთი რამე (ან რა საჭიროა ეს ჰიმნები ყველაფერზე?)

 

სამეგობროს იქით თუ არ გაიხედებით, სულ ასეთი ხარისხის პროდუქტს შექმნით. (ჩვენები და იმათები, ამისტები იმისტები. კლასტერები და დაჯგუფებები) “მოყვარეს პირში უძრახე” – ხოდა, გეტყვით რომ ძალიან ცუდია ის, რაც დადეთ.

 

 კოლეგის კრიტიკას სოფო ბედიამ უპასუხა, რომ მისი მესიჯი მხოლოდ ადამიანების გამხნევება იყო და კოლეგების წინაშე თავს ვალდებულად არ თვლის, რაიმე ახსნა-განმარტება გააკეთოს.

 

 

 

გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ ვიდეორგოლში მონაწილეობა დღეს უკვე ძალიან ინანეს. ასეთ რიცხვშია – სოფო ხალვაში. როგორც ის “პრაიმტაიმთან” აცხადებს, არ იცოდა რა სახის კლიპში მონაწილეობდა.

 

 სოფო ხალვაში: – რომ დამირეკეს, თავიდან უარი ვუთხარი, რადგან სტუდიაში მისვლას და ჩაწერას ვერ შევძლებდი. მითხრეს, რომ სახლში უნდა ჩამეწერა, ფეისბუქის ფორმატია, “სახლური” ვიდეორგოლიაო. სოფომ დამირეკა და პირველ რიგში, კოლეგიალობის გამო არ ვთქვი უარი. საბოლოო ვერსიის ნახვა რომ არ მოვითხოვე, ჩემს თავს ვადანაშაულებ. არ მომწონს, აპოლიტიკურმა ადამიანებმაც კრიტიკულად შეაფასეს და აბსოლუტურად ვიღებ ამ კრიტიკას.

 

 

 

– პირადად შენ რა არ მოგწონს ამ ნამუშევარში?

 

 

 

– მთლიანობაში არ მომწონს. არაფრით არ მომწონს. ასე გამოვიდა და ძალიან ცუდია. არც ის მესიჯი მოაქვს, რაც ჩადებული უნდა ყოფილიყო, პირიქით, გამოვიდა.

 

 

 

– ანუ ნანობ, რომ მასში მონაწილეობ?

 

 

 

– ასეა, ვნანობ. ვიღაცები ვერც ამოვიცანი კლიპში. მოკლედ, ჩემი ბრალია, თავიდანვე არასწორად მივუდექი. ყველაფერი უნდა იცოდე და საბოლოო ვერსიაც გაშვებამდე უნდა ნახო, რომ პრეტენზია არ გქონდეს. არ უნდა დავთანხმებოდი.

 

 

 

არც ოთო ნემსაძეს მოსწონს ნამუშევარი. თუმცა თვლის, რომ კლიპის გამო დაბულინგება დანაშაულია და ყველას თავის თავში ჩახედვისკენ მოუწოდებს.

 

 

 

ოთო ნემსაძე: – სრულიად უადგილო ღლიცინია ატეხილი. ამ დასტრესილ სიტუაციაში თუ ვინმე გავაბედნიერეთ, მიხარია. ზოგადად მომღერლები ერთმანეთს ვეხმარებით და თხოვნას ვითვალისწინებთ. ყველამ თავის თავში ჩაიხედოს – რა, როგორ უკეთებია. კლიპის ფაქტურა არ მომწონს. არ ვიყავი საქმის კურსში, სად და რა ფორმით გავიდოდა. ვერ გათვალეს, სად და როდის უნდა გასულიყო ეს კლიპი. მაგრამ სიმღერის გამო ადამიანების დაბულინგება, ყველაზე დიდი დანაშაულია ამ ქვეყანაში.

 

 

big_banner
არქივი