logo_geo
ლევან ვასაძე: მერე დაიწყო ჯოჯოხეთი... როგორც კი აგვიყვანეს ალყაში, ეგრევე დაიწყეს ხოცვა
- +

10 აპრილი. 2020. 21:42

 

 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ალტ ინფოსთან“ საუბარში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარ საზარელ ამბავს იხსენებს. ვასაძე საპროტესტო მიტინგის უშუალო მონაწილე და ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელმაც გადაცემაში ისტორიული დეტალები პირველად გაიხსენა.

მისი თქმით, 31 წის წინ მომხდარი დარბევის გახსენება მისთვის მტკივნეულია, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა მის თვალწინ მოხდა.  თავად კი მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

 

„არ გამკვირვებია რაც გაგვიკეთეს. ჩემთვის ეგ ღამე ძნელი გასახსენებელია, იმიტომ რომ პერსონალური ტრაგედიაა. სიკვდილი ვნახე... ცოცხლად დარჩენილებში ყველაზე მძიმედ მე ვიყავი.

არასდროს მომიყოლია იმ ღამის მოვლენები. მე მაშინ „ეროვნული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრი ვიყავი. ჩვენი ორგანიზაციაც გვქონდა, მეუფე შიოს, გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი კაკაბაძეს, გიო მგელაძეს, გიო ჭიჭინაძეს... ამავე დროს რაგბსაც ვთამაშობდი. შეიძლება ითქვას პროფესიონალურად. თბილისის ლოკომოტივის რაგბის წევრები აფხაზეთში ვიყავით, თბილისში 7 აპრილს დავბრუნდით...

შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ ასეთ ფიზიკურ კონდიციაში რომ არ ვყოფილიყავი, ცოცხალი ვერ ვიქნებოდი.

გავიგეთ რომ შეიძლებოდა სამხედრო ძალა შემოეყვანათ. რაგბისტებმა გადავწყვიტეთ შევკრებილიყავით, რომ ხალხი დაგვეცვა. 150 კაცი შევიკრიბეთ ივერიის სასტუმროსთან, იქიდან პლაკატით წამოვედით... ეს იყო 8 აპრილის საღამო...

არასოდეს დამავიწყდება, დილით დავინახე, რუსი სამხედროები ამონტაჟებდნენ ორ ტყვიამფრქვევს. მაშინ არ მივაქციე ყურადღება, ვიფიქრე რომ უსაფრთხოების ზომები იყო. მივედით ამ აქციაზე, გადავწყვიტეთ ერთად ვყოფილიყავით იმისთვის, რომ ხალხი დაგვეცვა. შუაღამით უკვე აქტიურად გავრცელდა ხმები, რომ სამხედრო ძალა მოდიოდა.

რუსი სამხედროები ღამის 2 საათზე მოვიდნენ და დადგნენ ყოფილი ლენინის მოედანზე, ახლა თავისუფლების მოედანს რომ ვეძახით. რამოდენიმე ერთეული ტექნიკა განლაგდა... ამან გამოიწვია ემოციური რეაქცია, ხალხი გაიქცა მოედნისკენ და დაუწყო ამ სამხედროებს გინება...

ამასობაში მობრძანდა პატრიარქი, თქვა ისტორიული სიტყვა და მოგვიწოდა დავშლილიყავით. ჩვენ დავუშვით ისტორიული შეცდომა... ვიღაცამ გამოართვა პატრიარქს მიკროფონი და გვათქმევინა „მამაო ჩვენო“ პატრიარქის კურთხევის გარეშე... ასე აგვიხდა ეს ლოცვაც. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში პატრიარქისთვის რომ დაგვეჯერებინა, ჩვენი ისტორია სულ სხვანაირად წავიდოდა.

 

დაიწყო შეტევა. რომელიც იყო გენერალი როდიონოვის ავტორობის ქვეშ. შემდეგ გაირკვა რისი გაკეთებაც უნდოდა და მე მგონია, რომ მაშინ ქართულმა კაგებემ და ქართუმა პოლიციამ გადაგვარჩინა. პირველი დარტყმა იყო უსისხლო. გაჭრა ეს ზღვა ხალხისა ორად... სანამ ეს შეტევა დაიწყებოდა, ჩემი მეგობარი ირაკლი კაკაბაძე მეუბნებოდა, რომ სიტყვით სურდა გამოსვლა. მას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა მაშინ და მარტო ვერ გავუშვი, ვუთხარი რაგბისტ მეგობრებს რომ გავყვებოდი. ვიდექი ეპიცენტრში... მახსოვს შემოვიდა ჯავშანტექნიკა, გაგვყო შუაზე და ამ კორიდორში შემოჰყვა სამხედრო ძალა. მიტინგის ბირთვი აგვიყვანეს ალყაში...

 

მერე დაიწყო ჯოჯოხეთი... როგორც კი აგვიყვანეს ალყაში, ეგრევე დაიწყეს ხოცვა. ძირითადი იარაღი რაც მე მომხვდა იყო ხელკეტები, მესანგრის ნიჩბები, გაზი, რომელიც ჩავისუნთქე და მერე ვნახე იქ, რომ გვიტყავდნენ გრძელ თეთრ ჯოხებს, კონვულსიები გვემართებოდა. რომ ვამბობდი, არავის არ სჯეროდა ჩემი, მერე აღმოჩნდა რომ ელექტროშოკის მოწყობილობები იყო. ხოცავდნენ ხალხს, აბიჯებდნენ და მოიწევდნენ ჩვენსკენ. არაფერის გაკეთება არ შეგვეძლო, უბრალოდ ველოდებოდით ჩვენს რიგს. რომ გამოვფხიზლდი იმპროვიზირებულ მორგში, თითები მქონდა ჩამტვრეული და ირაკლის პერანგის ნაგლეჯი მქონდა ხელში.“- იხსენებს ლევან ვასაძე.  

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი